ქალთა საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის ორი შედეგი

ეს 12 ბავშვი საბერიოში ცხოვრობს და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). ქართულ სკოლაში სწავლობს. საბერიო და ფახულანი აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა სოფლებია. პანდემიის დროს კონფლიქტის გამყოფი ხაზი ჩაიკეტა. სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. 12 ბავშვი დარჩა იზოლირებული, რადგან არ ჰქონდათ ტელეფონი, ინტერნეტი... ოჯახებში სიტუაცია დაიძაბა, გაჩნდა კონფლიქტის და ძალადობის საფრთხე.

ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევის დროს გამოავლინა ეს პრობლემა. ადვოკატირება წარმატებით დასრულდა: ფონდმა „სოხუმმა“ გამონახა შესაძლებლობა და ბავშვებს გადასცა სმარტფონები, ჩაურიცხა ინტერნეტის თანხა.

ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გაგრძელდა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბერიოში მცხოვრებ ბავშვებს შეღავათიანი ინტერნეტის სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ და 12 მოსწავლე დისტანციურად აგრძელებს სწავლას.  

კონფლიქტის გამყოფ ხაზთანაა სოფელი ხურჩაც (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). სოფელს არ აქვს ამბულატორია, აფთიაქი. აქ, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ. პანდემიის პერიოდში ადამიანებს ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მოდიოდნენ დროულად. ფსიქოლოგიური ფონი გამძაფრდა, კონფლიქტური სიტუაციებიც გაჩნდა, განსაკუთრებით - მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის.

ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირების კამპანია წამოიწყო. პროცესში ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, მაჟორიტარი დეპუტატი. ახლა კვირაში ორ დღეს ჩადიან სოფელში ექიმები და სიმშვიდემაც დაისადგურა.

ეს ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის ორი შედეგია. პოზიტიური ფინალი განსაზღვრა გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული პრევენციის სისტემის (GREWS) გამოყენებამ. ის დაინერგა პროექტის „კონფლიქტის ადრეული გაფრთხილება - თეორია და პრაქტიკა“ (დონორი - Kvinna till Kvinna) ფარგლებში. შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფები, აქტიური კომუნიკაცია დამყარდა თვითმმართველობასთან, მოხდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევა. GREWS ასე უწყობს ხელს კონფლიქტების პრევენციას და აქტუალური პრობლემების მოგვარებას.

ეს ინფორმაცია მომზადდა ფეისბუქგვერდისთვის

https://www.facebook.com/EmbassyOfSwedenInTbilisi/

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები