რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეთიკის კოდექსი საკრებულოს სხდომაზე გაიტანონ საბოლოო დამტკიცებისათვის. ისაუბრეს იმაზეც, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება - ახალ ვერსიაში იქნება ონლაინ პეტიციების სისტემა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ველი, მოხდება საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია.

ახლახან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში მინიგრანტები მიიღეს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს მცირე პროექტები, რომლებითაც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტში უფრო ეფექტიანი საჯარო მმართველობის დანერგვას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს. 

საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის შედეგები განიხილეს ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. მონიტორინგი ჩაატარეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მხარდაჭერით.

ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს უკვე ჩატარებული სამი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დადებითი ტენდენციები და ახალი გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის, მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში დამთავრდა ინტერნეტიზაციის პროცესი და ადამიანს ელექტრონულად ნებისმიერი ადგილიდან ექნება წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე. ეს ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების და რეაგირების სისტემის ინსტრუმენტები, განხორციელების ძირითადი ეტაპები და ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებების შესწავლაზე და შეირჩა მონაწილეები, რომლებიც ამ კუთხით ჩაატარებენ კვლევას (ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები დ ანკეტირება).

იმავე დღეს ჩატარდა მსგავსი შეხვედრა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) #1 სათემო სკოლაში. ბავშვებმა დაწერეს ესეები აფხაზეთის თემაზე და გზავნილები აფხაზ თანატოლებთან. ამ ჯგუფის სამმა წევრმა კი საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგზე შეძენილი ცოდნა გაუზიარა მეგობრებს.

სამი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ქალთა ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა ზუგდიდში, მეორეში კი გაერთიანდნენ ორ სოფელში - კოკსა და ხურჩაში მცხოვრები ქალები.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემის არსი, მისი კომპონენტები და განხორციელების ეტაპები. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვლევების ჩატარების შესახებ. კვლევის მიზანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ქალთა ინტერესების შესწავლა.

მესამე ჯგუფში ახალგაზრდები არიან და ის კოკის საჯარო სკოლაში შეიქმნა. მოსწავლეთა აქტიურობა განსაკუთრებულია. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელთაც გაიარეს  ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, თანატოლებს გაუზიარეს მიღებული ცოდნა კონფლიქტების პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის შესახებ.

- ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით - ამ საკითხებზეა ფოკუსირებული ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა თერჯოლის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის  პრევენცია მათი ინტერესის სფეროა და მზად არიან ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობისთვის. 

- რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით, რა სახის საფრთხეებს გრძნობენ  ახალგაზრდები - ამ და სხვა საკითხებზე თემატური სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები საფრთხედ მიიჩნევენ განათლების დაბალ ხარისხს, დასაქმების პრობლემას, ქალთა მიგრაციას, სოციალურ ფონს. მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი საფრთხეს განსახვავებულად აღიქვამს და შესაბამისი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმიც. 

ამ თემას მიეძღვნა მეორე შეხვედრაც - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: რას მოიაზრებს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება გენდერულ პრიზმაში. ჯგუფის წევრები კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას - გაეცნენ ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და უნარ-ჩვევებს.

თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემა“ ქუთაისში ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები. თავიდან შეხვედრებზე საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ სისტემაზე, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაზე (ასეთი ჯგუფები ასევე შექმნილია ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ტრენინგზე კი ყოველი ჯგუფის 2-3 წევრი იღებდა მონაწილეობას).

პრეზენტაციის მეშვეობით შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემის განხორციელების ძირითად ეტაპებს, ადამიანური უსაფრთხოების არსს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ბოლოს აღინიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების საინიციატივო ჯგუფებთან ერთად  ქუთაისის საინიციატივო ჯგუფიც ჩაატარებს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების კვლევას.

 

ვანის სამუშაო ჯგუფს ბევრი საქმე აქვს და ეს კარგად გამოჩნდა საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე. მოისმინეს IT სპეციალისტის ინფორმაცია ოფიციალური ვებგვერდის განახლების შესახებ - ვებგვერდს ემატება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და ონლაინ პეტიციის ფუნქციები, მექანიზმი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის „დაგეგმე ბიუჯეტი“, განზრახულია საკრებულოს სხდომების ონლაინ ტრანსლაცია და სხვა ტექნიკური ცვლილებები. შეხვედრაზე განიხილეს საკრებულოს წევრებისათვის შემუშავებული ეთიკის კოდექსი და პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მესამე მონიტორინგის შედეგები.

ორი მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილი რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულდა. ჯგუფის სამოქმედო გეგმაში აისახება მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც. მათი განხორციელება კიდევ მეტ გამჭვირვალობას და ეფექტიანობას შესძენს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.

საგრანტო განაცხადების და პროექტების შემუშავებას მიეძღვნა ტრენინგი, რომელიც ბათუმში ჩატარდა 8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

პროექტის მიხედვით ახლა მიმდინარეობს რიგით მეორე საგრანტო კონკურსი. ტრენინგი დაეთმო კონკურსზე წარსადგენი პროექტების დამუშავებას და კორექტირებას. მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა, რადგან ტრენინგის ფორმატი თეორიულ ნაწილთან ერთად მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასაც მოიაზრებდა. ყველა ორგანიზაციამ შეძლო თავისი საპროექტო განაცხადის კორექტირება და სრულყოფა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები