ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა - ლინდა ჩიხლაძემ და ნინო კორინთელმა მონაწილეობა მიიღეს WWP EN-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მამაკაცების ჩართულობის მნიშვნელობაზე ბავშვის მოვლისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საუბრებში.

ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე  და იმაზე, თუ რა მნიშვნელობისაა ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის მამაკაცების მონაწილეობა ბავშვის ზრუნვა/აღზრდაში.

შეხვედრა ქობულეთში

„ბავშვთა უფლებების დაცვა და ადგილობრივი თანამშრომლობა სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით“ - ამ თემაზე  ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დასებულებების პერსონალთან ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.

მონაწილეებს გააცნეს მუნიციპალიტეტისთვის შედარებით ახალი სტრუქტურის - ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების საქმიანობის სპეციფიკა; ადგილობრივი პროგრამები. გაჟღერდა ინფორმაცია ფონდის მიერ ჩატარებულ მონიტორინგზე, რომელმაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული პოზიტიური პრაქტიკა და გამოწვევები გამოკვეთა.

აღინიშნა, რომ სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ზოგიერთ წარმომადგენელს ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე გააზრებული პასუხისმგებლობა, რასაც მას აკისრებს კანონი ბავშვთა ოჯახში ძალადობისგან დაცვის კუთხით. გამოიკვეთა საკითხები, როდისაა აუცილებელი კომუნიკაცია ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებასთან.

სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგები შეეხნენ სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხს, რომელიც ეხება. მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის თემებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამარჯობა, მე ვარ კუკავა ელეონორა, ფონდი ,, სოხუმის“ მოხალისე და მინდა მოგითხროთ ჩემი ,,წარმატების ფორმულის“ შესახებ.

მინდა გაგიზიაროთ ,ის ემოციები და შთაბეჭდილებები რაც უშუალოდ ამ პროექტთან, ფონდ ,, სოხუმთან“ მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერებს, რომ მომცეს საშუალება მიმეღო მეტად საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით შევასრულე. მივიღე გამოცდილება პროექტების წერაში, რაც აქამდე არ ვიცოდი და მომეცა საშუალება განმეხორციელებინა ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი პროექტი სახელწოდებით: ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია.’’

ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობებში, ჯგუფურ სამუშაოებში, ვესწრებოდი ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე:,,როგორ აღმოვფხვრათ კომფლიქტი,’’ ,, სტერეოტიპები და ტოლერანტობა’’ და სხვა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგისმომცემი გამოდგა.  ტრენინგების მსვლელობისას გვესტუმრა ფონდი სოხუმის ,, ფორუმ თეატრი“, გარდა ამისა, დავესწარით სამოქალაქო ფორუმს ქუთაისში თემაზე :,, ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა-მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად.’’  ამ ფორუმის ფარგლებში დავწერეთ თემა სახელწოდებით: ,, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი“, რაც დამეთანხმებით, რომ თითოეული ქართველისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. აქვე დავამატებდი იმას,  რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ვწვეოდით ქალაქ სტამბულს ,სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგი ფორუმ თეატრის არსის შესახებ.

6-9 ოქტომბერს გაიმართა ფემინისტური ფორუმი „სხეული და გარემო: ზრუნვის ორგანიზების, წინააღმდეგობის და სოლიდარობის ფემინისტური იდეები და პრაქტიკა”.

ოთხი დღის განმავლობაში, ქვიარ და ფემინისტ აქტივისტებთან, მკვლევრებთან და ფორუმის მონაწილეებთან ერთად, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები - ნინო კორინთელი და ლინდა ჩიხლაძე ჩართული იყვნენ უსაფრთხო სივრცის ინტერდისციპლინური, ადგილობრივი და რეგიონული ცოდნის და  გამოცდილების გაცვლისა და მსჯელობის პროცესში.

WISG-ის გუნდთან ერთად ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ეს შთამაგონებელი დღეები აუცილებლად დაედება საფუძვლად ფიქრის, შრომისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. მათ შორის, ფორუმის ტრადიციის გასაგრძელებლად, ქვიარ ფემინისტური წარმოსახვის, ცოდნისა და პრაქტიკის ახალი სივრცეების შექმნისა და ტრანსფორმაციისთვის.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ, თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების შესწავლა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტისთვის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობა.

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარიაც იღებდა მონაწილეობას. მან თავის მოხსენებაში ფოკუსი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ რესურსებზე ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების, სიღარიბესთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, არამედ მას ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის საქმეში უდიდესი დატვირთვა აქვს.

დღეს არა საუბრების, არამედ კონკრეტული მოქმედებების დროა! რადგან ვიდრე ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვბჭობთ, ქალების დიდი ნაწილი უშუალოდ უპირისპირდება უთანასწორობას, ძალადობას, დრომოჭმულ სტერეოტიპებს და ეკონომიკური დამოკიდებულების მთელ სიმწარეს... ბევრ მათგანს უწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისთვის... მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ძალადობასთან ბრძოლა, და მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის შენება“... - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

„ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში  - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ - ასე ეწოდება ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის კონსოლიდირებულ მონაცემთა  ანგარიშს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის  დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მარინამ ლამაზი და ტკბილი უკრაინული დესერტი მოამზადა - ლვოვის „სირნიკები“, ანიამ კი - კატლეტები კიევურად. მარინა და ანია უკრაინელი ფსიქოლოგები არიან, ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ და ორივე, სხვა ქალებთან ერთად, მონაწილეობდა ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკრაინული სამხარეულოს დღის მოწყობაში 15 სექტემბერს. მათ აღნიშნეს, რომ საინტერესო, სასიამოვნო და სარებილიტაციო ღონისძიება გამოვიდა.

მათ პროფესიული კუთხითაც აქტიურად იმუშავეს სექტემბერში.

ანია შალიმოვა ამბობს, რომ შეხვდა ოთხ ახალ ოჯახს და ერთ ოჯახს - განმეორებით, ჩაატარა 12 ინდივიდუალური კონსულტაცია. იყვნენ მუდმივი კლიენტებიც და ახლებიც. ამასთანავე კონსულტაცია გაუწია ბავშვებს და მათ მშობლებს.

„უკრაინელებს დადებითად განაწყობთ ის, რომ მეც უკრაინიდან ვარ“, - ამბობს ანია. -  ისინი ინტერესდებიან, რომელი ქალაქიდან ვარ და როგორ გადავიტანე ომი. თუ  ჩემი მშობლიური ქალაქიდან არიან, მაშინ ვარკვევთ, ვინ რომელ უბანში ცხოვრობდა“ (სწორედ ამიტომაც მოვიწვიეთ ორი უკრაინელი ფსიქოლოგი უკრაინელ ლტოლვილებთან სამუშაოდ).

24-28 სექტემბერს სტამბულში გაიმართა ტრენინგი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებისთვის თემაზე ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოცდილება.

სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდული კლუბები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ფორუმ-თეატრის დამფუძნებლების, როლისა და მნიშვნელობის შესახებ მიმდინარე ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის პოვნაში. ტრენერების მიერ შემოთავაზებულმა სხვადასხვა სავარჯიშოებმა და დავალებებმა ტრენინგი უფრო კრეატიული, საინტერესო და სახალისო გახადეს, ასევე მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეძლეს სცენარების მომზადება და მცირე სცენების დადგმა. ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, შეადგინეს სამომავლო გეგმები, რათა დანერგონ ფორუმ-თეატრი თავიანთ კლუბებში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მარინე 28 წლისაა. დეპრესიაში იყო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ: „ყველაფერი გაჩერდა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ჩემთან ერთად ტიროდა დედაჩემიც. ერთხელ ასე თვალცრემლიანებს დედის მეგობარი შემოგვესწრო და მირჩია, დახმარებისთვის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან მივსულიყავი. თითქმის რვა თვე ვსწავლობდი, ახლებურად შემეხედა ჩემი თავისთვის. ნელ-ნელა მიჩნდებოდა იმედი. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება არა მარტო ჩემი ღიმილისთვის, არამედ იმ სხივისთვის, ჩემი დედის თვალებში რომ არის ახლა“...

მარინე ერთ-ერთია ფსიქოლოგის მადლიერ ბენეფიციართაგან. ასეთი უამრავია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

სექტემბერში ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ჩოხატაურის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აგრეთვე ქობულეთში – ოღონდ ონლაინ. ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 23-მა ბენეფიციარმა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები