
14 თებერვალს ხონის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა, რომელზეც განიხილეს პოლიტიკურ პარტიებთან წარსადგენი მემორანდუმი და შეიმუშავეს რეკომენდაციები. ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებასაც ცდილობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
ამავე დღეს შედგა საუბარი საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვალერი ბახტაძესთან მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამჟამად გადიან კონსულტაციებს და უახლოეს ხანებში საბჭოს ფორმირებაც მოხდება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგმა სხდომამ განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა. სხდომაზე მოწვეული იყო ლელა ქელბაქიანი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ამ შეხვედრას კლუბის წევრები საგანგებოდ ელოდნენ და შეკითხვებიც მოამზადეს. ქალბატონმა ლელამ შეკრებილებს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამები გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე, რაც კლუბისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.







