ფორუმ-თეატრი და ჩრდილების თეატრი ფონდი „სოხუმის“ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ახალგაზრდა მსახიობებს რეპერტუარში აქვთ ფორუმ-თეატრის ათობით წარმოდგენა კონფლიქტების და ძალადობის აქცენტით და ჩრდილების თეატრის ორი სპექტაკლი თანასწორობის თემაზე. პირველი სპექტაკლი „პირიმზე“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში (რეჟისორი - ლევან გაბრიჭიძე). მისი პრეზენტაცია ქუთაისის თოჯინების თეატრში გაიმართა და მან წარმატებით მოიარა დასავლეთ საქართველოს სკოლები და საბავშვო ბაღები.
21 ივნისს კი ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ჩრდილების თეატრის „თალგამის“ საპრემიერო ჩვენება.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის რეჟისორის მაგდა ჩიხლაძის და ფორუმ-თეატრის სამსახიობო ჯგუფის ორთვიანი აქტიური მუშაობა, ჩაწერები, მუსიკალური გაფორმებები, რეპეტიციები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დასრულდა პრემიერით. „თალგამი“, ისევე როგორც წინა წარმოდგენა „პირიმზე“ პატარა მაყურებელს უჩვენებს საერთო ძალისხმევას კეთილი საქმისთვის, თანადგომას, თანასწორობას, სიკეთის გამარჯვებას.