ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა 5-თვიანი ვორკშოპების ციკლი თემაზე „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში“.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა კონფლიქტოლოგები - 9 მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში ჩატარებული ვორკშოპების აქტიური მონაწილეები, აგრეთვე მშობლები და პედაგოგები - სულ 26 ადამიანი.
მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა, ისაუბრეს იმ ცვლილებებსა და გავლენაზე, რაც საკუთარ თავზე გამოსცადეს. აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ყველა სკოლაში და ხშირად უნდა ჩატარდეს, რათა ბავშვებმა ადრეულ ასაკში ისწავლონ კონფლიქტების მართვა და მშვიდობიანად მოგვარება.
საკუთარი მოსაზრებები მშობლებმაც დააფიქსირეს:
„დღე საოცრება, დღე პოზიტივი“. „უღრმესი მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენს შვილებზე.“ „პირველად ვესწრები და აღფრთოვანებული ვარ.“ „ჩანს, ნაყოფიერი მუშაობა გაგიწევიათ.“
როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, „შეიძლება მთელი წელი იმუშაო და ვერაფერს ვერ მიაღწიო, აქ კი 5 თვის განმავლობაში ასეთ შედეგამდე მისვლა ტრენერის დიდი დამსახურებაა, რომელიც ასე აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან“...
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიება დასრულდა ექსკურსიით ბაგრატის ტაძარში.