განახლდა კონფლიქტების მართვის თემაზე ვორკშოპების ხუთთვიანი ციკლი საჯარო სკოლებში.
ჩატარდა 8 შეხვედრა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლიის №2 (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), გურიანთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ხაჯალიის (ლანჩხუთის მუნციპალიტეტი), ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
კოკში „ცოცხალი“ შეხვედრა ჩატარდა - ყველა რეგულაციის დაცვით, დანარჩენ მონაწილეებთან კი მუშაობა გაგრძელდა ონლაინ - დისტანციურად.
ჯგუფების მობილიზებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ხელშეწყობა სკოლის ხელმძღვანელების და პედაგოგების მხრიდან.
პირველი შეხვედრა მშვიდობისა და კონფლიქტის არსის განხილვით დაიწყო. თავიდანვე გამოჩნდა ახალგაზრდების აქტიურობა და მოტივირებულობა, მეტი გაიგონ კონფლიქტის მართვის კუთხით. ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ ინფორმაციის გავრცელებას და თავიანთ თანატოლებთან უკვე ჩაატარეს შეხვედრები.
„საჭირო თემაა ჩვენს ასაკში“, „მზად ვარ, 5 თვის განმავლობაში ჩავერთო ვორკშოპში“, „დასაწყისი მომეწონა და ყველა შეხვედრაზე ვიქნები“, „როდის გვექნება მომდევნო შეხვედრა?“ - ეს მონაწილეთა სიტყვებია.