სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით; საკითხები, რომლებიც საბჭოს ინიცირებით აისახა ადგილობრივ ბიუჯეტში, თვითმმართველობასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები - ამ საკითხებს შეეხო რეგიონალურ მაუწყებელ „ეგრისში“ გასული ტელეგადაცემა.
გადაცემის დასაწყისში გასულმა სიუჟეტმა თვალსაჩინო გახადა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საბჭოს საქმიანობის შეფასება და ის საკითხები, რომელთა გადასაჭრელად საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
როგორც აღინიშნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივას და ბიუჯეტში ჩაიდო ერთჯერადი დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.
თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, მიღწეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მსგავსი საქმიანობა უნდა გაიშალოს სოფლებშიც და ყველა თემში შეიქმნას გენდერული საბჭო, რომელიც იქნება ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ავანგარდში.
„ეგრისის“ სტუდიაში გამართულ დიალოგში საბჭოს წევრებმა ისაუბრეს თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელებულ საქმიანობაზე და გამოკვეთეს საკითხები, საითკენაც უახლოეს მომავალში იქნება მიმართული საბჭოს ძალისხმევა.