ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები გამოირჩეოდნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.“
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩაატარეს 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ჯგუფში - ქალებთან, მამაკაცებთან, დევნილებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან.
საინფორმაციო შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც ქალთა ჯგუფებს გააცნეს მუნიციპალიტეტების 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის სოციალური მიმართულება.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ინიციატივით ჩატარდა სამდღიანი სემინარი მოზარდებთან და მათ მშობლებთან „თერჯოლა მედის“ მხარდაჭერით. ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან ერთად სემინარზე განხილულ იქნა ძალადობის მიზეზები, მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობები.
შეხვედრებზე ყველა მონაწილე გაეცნო 16-დღიანი კამპანიის ისტორიას. მათ დაგმეს ძალადობა და სოლიდარობა გამოხატეს კამპანიის მიმართ.