ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები: ჯონათან ლეიფს ჰეიესი, გიორგი გაბუნია, ანა ფაშალიშვილი, თამარ ლობჟანიძე. ისინი გაეცნენ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის კუთხით მუნიციპალიტეტის „საგზაო რუკის“ ფორმირების პროცესს და აღნიშნეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დიდი მნიშვნელობა.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).