კონფლიქტის ანალიზი, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა სამშვიდობო ინიციატივები - ამ თემამ გააერთიანა დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. მათ პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში გაიარეს სამდღიანი ტრენინგი ამ საკითხებზე, დაეუფლნენ ფასილიტატორის უნარ-ჩვევებს და შემდგომ თავად დაიწყეს ვორკშოპების ჩატარება.
პირველი ვორკშოპი ჩაატარა თამარ იაკობაშვილმა 3 ივნისს თერჯოლაში. ფასილიტატორის შესავალი სიტყვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზებზე და მისი მოგვარების გზებზე.
შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა, მაგრამ მონაწილეებს დროის გასვლა არ უგრძვნიათ, რადგანაც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში.
ქეთი ჩებანმა და მარიამ ზირაქაძემ 7 ივნისს ჩაატარეს ვორკშოპი ფოთის მე-5 და მე-7 საჯარო სკოლაში. დასაწყისში მათ აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია პროექტის შესახებ. შემდეგ კი გაიგეს, რა იციან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, როგორია მათი დამოკიდებულება. მონაწილეები სამ ჯგუფში მუშაობდნენ და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. უკუკავშირის დროს აღინიშნა, რომ ვორკშოპის დროს მათ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.
8 ივნისს თეა მეძველიამ სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები გოგონები ჩართო ვორკშოპში. მათ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამართული მუშაობის შესახებ.
ფასილიტატორმა შეძლო აუდიტორიის სრულად ჩართვა მუშაობაში. განსაკუთრებული იყო გოგონების აქტიურობა ქალთა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით. მოდულში წარმოდგენილი ყველა პუნქტი წარმატებით განხორციელდა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით