16 შედარებით გამოცდილი და 14 ახალი ორგანიზაციის პროექტი - ახალი იდეები, საინტერესო ინიციატივები!
უფრო კონკრეტულად:
პროექტის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი და მასში გაერთიანდა 16 ორგანიზაცია 8 მუნიციპალიტეტიდან. ისინი ჩართულნი არიან უამრავ აქტივობაში. მათთვის მეორედ გამოცხადდა მინიგრანტების კონკურსი. და ისევ 16 მცირე პროექტი დაფინანსდა, როგორც პირველ ჯერზე.
ამჯერად არის სიახლეც: ბოლო თვეებში ჩვენმა პროექტმა იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში 14 ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მეტიც: მათი პირველი პროექტების მხარდაჭერაც გადაწყდა.
28 აპრილს საკონკურსო კომისიის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საპროექტო განაცხადების შეფასების შედეგები და მიიღეს გადაწყვეტილება მათი დაფინანსების შესახებ.
ამგვარად, დაფინანსდა 30 მცირე პროექტი. უკვე დაიწყო მათი განხორციელება ვანის, ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ცაგერის, ამბროლაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
„ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“ - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა ცაგერის საკრებულოში. შეხვედრის ორგანიზატორები: „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“, „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „მეწარმე ქალთა ფონდი“. შეხვედრის ფასილიტატორმა და მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შედეგებზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ „სამუშაო ჯგუფზე“ და მის აქტივობებზე. გაიმართა მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია, ბოლოს კი აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის ხედვაზე კვლევაში გამოკვეთილი პრობლემების დასაძლევად.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მერიის და საკრებულოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროექტი დადებითად შეაფასეს და მისი შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო მოსამსახურეთა ეთიკისა და ქცევის წესების კოდექსი დაამტკიცა.
დოკუმენტზე იმუშავა საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია. საკრებულოზე გატანამდე დოკუმენტმა გაიარა ყველა პროცედურა, განთავსებული იყო მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც ყველას ჰქონდა მისი გაცნობის საშუალება. სამუშაო ჯგუფის წევრების ლობირების შედეგად დოკუმენტი დამტკიცდა.
კოდექსი, ერთი მხრივ, მოიცავს საჯარო მოხელეთა ქცევისა და ეთიკის ერთიანი სტანდარტის განსაზღვრას, რაც ეფუძნება ზოგად პრინციპებს (სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ეფექტურობა, ობიექტურობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მოსახლეობის ინფორმირება იმ უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც მათ გააჩნიათ საჯარო მოხელეებთან ურთიერთობისას), ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო მოხელეთა ინტერესების დაცვასთან ერთად, დადგენილება ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის გაზრდას.
ხონის სამუშაო ჯგუფმა მრგვალ მაგიდაზე მნიშვნელოვანი საკითხები დასვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლების, მედიის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ახალგაზრდა ლიდერები.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე აკობიძემ ჯგუფის მუშაობის პრეზენტაცია გააკეთა. ჯგუფის წევრმა ელისო ჯიქიამ კი აუდიტორიას წარუდგინა პროექტის ფარგლებში ჩატარებული საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის შედეგები.
შეკრებილებს უამბეს ცხელ ხაზზე, რომელიც მინიპროექტის შედეგად ამოქმედდა და უკვე აჩვენა თავისი ეფექტიანობა. საუბარი შეეხო ეთიკის კოდექსს, რომელიც მალე მიიღებს საბოლოო ვერსიას. მნიშვნელოვანი იყო მესამე მონიტორინგის ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები გენდერული და მონაწილეობითი ბიუჯეტის კუთხით, მერიის შენობის ადაპტირებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
ქვეგრანტების ფარგლებში შესასრულებელი საქმიანობის განხილვა და პანდემიის შესაბამისი რეგულაციების დაცვით საპროექტო მუშაობის სტრატეგიის, გეგმა-გრაფიკის შემუშავება; მრგვალი მაგიდის საკითხების გაცნობა, შეთანხმება გამომსვლელებთან, ფასილიტატორის შერჩევა; საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის შედეგად მიღებული რეკომენდაციების გაცნობა და სამომავლო მიზნების დასახვა.
ეს საკითხები განიხილეს „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდა 23 და 26 აპრილს ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
დასრულდა ჩვენი პროექტით გათვალისწინებული მესამე მონიტორინგი, რომელიც ასახავს საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტებში. ლანჩხუთში მონიტორინგი ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები. მათ ასევე ისაუბრეს უკვე განხორციელებული მცირე პროექტის შედეგებზე და ახალდაფინასებული მცირე პროექტების მიზნებსა და ამოცანებზე.
მუშაობა მიმდინარეობს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.
ონლაინ ვორკშოპი გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული პეტიციის დანერგვის თემაზე. ვორკშოპს ესწრებოდნენ ვებგვერდის ადმინისტრატორი, აიტი სპეციალისტი, ფასილიტატორები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებაში.
ვორკშოპის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის სისტემის შესახებ: პეტიციის ელექტრონულად დარეგისტრირება, ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურები და ა.შ. ვორკშოპის მეორე ნაწილი დაეთმო სისტემის შიდა ადმინისტრირების საკითხებს.
ლანჩხუთში ორი პარტნიორი ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან ერთად პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
„საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ - სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. მარტის ბოლოს სწორედ მათ მიიღეს პირველი გრანტები მუნიციპალიტეტში მცირე პროექტების განხორციელებისთვის.
20 აპრილს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს ამ ორგანიზაციების წევრებთან. განხილულ იქნა ახალდაფინანსებული პროექტების შესრულების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეთიკის კოდექსი საკრებულოს სხდომაზე გაიტანონ საბოლოო დამტკიცებისათვის. ისაუბრეს იმაზეც, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება - ახალ ვერსიაში იქნება ონლაინ პეტიციების სისტემა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ველი, მოხდება საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია.
ახლახან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში მინიგრანტები მიიღეს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს მცირე პროექტები, რომლებითაც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტში უფრო ეფექტიანი საჯარო მმართველობის დანერგვას.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს.
საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის შედეგები განიხილეს ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე. მონიტორინგი ჩაატარეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მხარდაჭერით.
ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს უკვე ჩატარებული სამი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დადებითი ტენდენციები და ახალი გამოწვევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის, მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში დამთავრდა ინტერნეტიზაციის პროცესი და ადამიანს ელექტრონულად ნებისმიერი ადგილიდან ექნება წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე. ეს ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.