საქართველოს წარმომადგენლები ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სარაევოში

12-13 ივნისს ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლის იუბილეს. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის 160-ზე მეტმა ქალი ლიდერმა, მშვიდობის მშენებელმა და აქტივისტმა.

საქართველოდან კონფერენციაში ჩართული იყო ოთხი ქალი, მათ შორის – ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია. მონაწილეებმა კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს იმ გზებზე, რომლებიც ქალების ლიდერობისა და გენდერული სამართლიანობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს მშვიდობის მშენებლობისა და აღდგენითი პროცესების მიმართულებით.

კონფერენციის დასრულებისას შეიქმნა ერთობლივი ხედვა რეზოლუცია 1325-ის უკეთესი და ეფექტიანი განხორციელებისთვის. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს: „ჩვენ აღარ დაველოდებით კიდევ 25 წელს. ვიმოქმედებთ ახლა, რათა ქალთა ლიდერობა, გენდერზე ორიენტირებული სამართალი და მშვიდობის მშენებლობა იყოს ყველა სამშვიდობო პროცესის ცენტრში, ყველა ქვეყანაში, ყველა თაობისთვის.“

ეკატერინე გამახარიას თქმით, სარაევოში ყოფნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აღდგენა მხოლოდ ფიზიკურ აღდგენას არ ნიშნავს:

„ეს არის ნდობის, ღირსებისა და იმედის დაბრუნება. გამძლეობა მხოლოდ ტკივილის ატანა კი არ არის, ესაა უარი უსამართლობის ნორმალიზებაზე. ეს არის არჩევანი, როცა შურისძიების ნაცვლად ხალხი მშვიდობას ირჩევს, დუმილის ნაცვლად – სოლიდარობას.“

მისი თქმით, მშვიდობა ვერ მიიღწევა მხოლოდ გამძლეობით. აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება იმ მხარეებისგან, რომლებსაც თავიანთი მოვალეობები აკისრიათ:

„მხოლოდ ამ გზით შეიქმნება გარემო, სადაც მშვიდობა, თანასწორობა და ღირსება ყოველდღიური რეალობა გახდება ყველა ადამიანისთვის და სადაც ქალებს ექნებათ რეალური შესაძლებლობა, ჩაებან თავიანთი ქვეყნების აღდგენისა და განვითარების პროცესებში.“

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები