12-13 ივნისს ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლის იუბილეს. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის 160-ზე მეტმა ქალი ლიდერმა, მშვიდობის მშენებელმა და აქტივისტმა.
საქართველოდან კონფერენციაში ჩართული იყო ოთხი ქალი, მათ შორის – ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია. მონაწილეებმა კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს იმ გზებზე, რომლებიც ქალების ლიდერობისა და გენდერული სამართლიანობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს მშვიდობის მშენებლობისა და აღდგენითი პროცესების მიმართულებით.
კონფერენციის დასრულებისას შეიქმნა ერთობლივი ხედვა რეზოლუცია 1325-ის უკეთესი და ეფექტიანი განხორციელებისთვის. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს: „ჩვენ აღარ დაველოდებით კიდევ 25 წელს. ვიმოქმედებთ ახლა, რათა ქალთა ლიდერობა, გენდერზე ორიენტირებული სამართალი და მშვიდობის მშენებლობა იყოს ყველა სამშვიდობო პროცესის ცენტრში, ყველა ქვეყანაში, ყველა თაობისთვის.“
ეკატერინე გამახარიას თქმით, სარაევოში ყოფნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აღდგენა მხოლოდ ფიზიკურ აღდგენას არ ნიშნავს:
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრებზე განიხილეს სხვადასხვა ქეისი, იმსჯელეს პრობლემებზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. წყალტუბოში ქალები ეძებენ სეზონურ სამუშაოებს (მოცვის, თხილის შეგროვება ან ზღვისპირა კურორტებზე მუშაობა). ზოგიერთ მათგანს აქვს ეს გამოცდილება და სხვებსაც ურჩევს, რადგან ამ შემოსავლებით ბევრ საჭიროებას მოაგვარებენ...
ხობში ჯგუფის ერთ-ერთ წევრს გადაეცა სმარტფონი, რაც გაამარტივებს მისთვის აუცილებელ კომუნიკაციას.
ქობულეთის ჯგუფის წევრები განსაკუთრებით ემადლიერებიან ჩვენს ორგანიზაციას, რადგან ამდენი სითბო და ყურადღება არავის გამოუხატავს მათ მიმართ.
ჩოხატაურის ჯგუფთან ონლაინ ჩართვა გაიმართა. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგიც ჩაერთო, როგორც სხვა შეხვედრებში. ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების აზრით, ფსიქოლოგის სასარგებლო რჩევები მათთვის სერიოზული მხარდაჭერაა.
შეხვედრების მონაწილეებისთვის დიდი სტიმულია, რომ ასეთი ჯგუფი 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს და, პროექტის ასისტენტის, ნინო ჭაბუკიანის დახმარებით, მათ აქვთ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსები დასრულდა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ შუა ხორგაში მოეწყო.
საინტერესო იყო საბაზისო კურსის ორი თვე, ყოველი გაკვეთილი: დიზაინზე მუშაობა, ქსოვილის თუ სხვადასხვა დეტალის საგულდაგულო დამუშავება...
მეცადინეობების ბოლო დღე განსაკუთრებულად, თავიანთი ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს ქალებმა. ამბობენ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, ყველა ნიუანსი გვასწავლა. ერთად ყოფნა და ურთიერთობებიც სასიამოვნო იყოო...
კურსდამთავრებულები ეცდებიან - პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ისწავლეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ასეთი ისტორიები ხშირად იწერება ჩვენი მუშაობით, ძალისხმევით, მონდომებით.
ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა საქმე ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრს ეხება.
ერთ-ერთი ბოლო ამბავი ასეთია: ცენტრში იმყოფებოდა ორი დედა და 7 ბავშვი. ორი რთული ბედის ქალი. და რთული ბავშვები. ეს არც არის გასაკვირი: ტრავმირებულები არიან, ძალადობაგამოვლილები, დიდ პრობლემებს შეჭიდებულები.
არასრულწლოვანებთან მუშაობის პედაგოგი აღნიშნავს, რომ თავიდან ერთმანეთს სცემდნენ, ძალადობრივ ქცევებს გამოხატავდნენ, აგრესიულები იყვნენ.
გზადაგზა გაირკვა, რომ ოჯახში განცდილი ძალადობის გარდა, მათ მიმართ ხშირია ბულინგი სკოლაში - მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან. უფროსები სცემენ უმცროსებს, იმიტომ რომ არ ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, პატარებს კი უნდათ სხვებსაც გააგებინონ თავიანთი გასაჭირი. ბებიასაც უცემია ქამრით, მასწავლებელმა თმებზე მოქაჩა ისე მწარედ, რომ ლამის ამოაგლიჯა...
სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვებმა ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ ბულინგს, როგორ დაამყარონ ურთერთობები სხვებთან. დედებმაც გაარკვიეს თავიანთი მდგომარეობა - რა ჯობია მათი მომავლისთვის. იურისტის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობა სწორედ აქეთკენ იყო მიმართული.
ერთ-ერთი დედა უკვე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის შვილებს, მეორე ჯერაც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მაგალითია იმ ქალის ცხოვრება, გადაწყვეტილება და შედეგები, რომელთან ერთადაც ორი კვირა იცხოვრა ცენტრში.
ორივე ქალი იმედით სავსე წავიდა ქუთაისიდან, ბავშვები - კმაყოფილები, ბედნიერები. მათთან მუშაობა, მათი მხარდაჭერა ისევ გაგრძელდება, ჩვენ ვცდილობთ, არასოდეს დავტოვოთ ჩვენი ბენეფიციარები მარტო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ფორუმ-თეატრის გამოსვლები. ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეკრებილებს მოეწონათ თანატოლების სამსახიობო ნიჭი, რეალობაზე დაფუძნებული სცენები. აქტიური დისკუსიები გაიმართა ყველა წარმოდგენის შემდეგ. რეჟისორ მაგდა ჩიხლაძესთან ერთად მაყურებელმა გულწრფელად ისაუბრა ბულინგზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, აქტუალურ პრობლემებზე.
მეორე გამოსვლაც ქუთაისში იყო, ცენტრალურ ადგილას. ფორუმ-თეატრის მსახიობები ისე ბუნებრივად ასრულებდნენ თავიანთ როლებს, რომ რამდენიმე გამვლელმა ძალადობის მსხვერპლის დახმარებაც კი სცადა. მერე გაიგო, რომ ეს სპექტაკლია...
მაყურებელი ამბობს, რომ კარგია ამ ფორმით ძალადობაზე საუბარი, დისკუსია, რადგან თვალსაჩინოა პრობლემა. მთავარია, გამოსწორებაზეც ერთად ვიზრუნოთ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- მე ვარ ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. ამავდროულად ვარ დედა, რომელმაც შვილებისთვის შეცვალა მომავალი. მეშინოდა, როგორ ვიცხოვრო, რა გავაკეთო მარტო. ვერ ვბედავდი განქორწინებას. უფრო ადრე უნდა წამოვსულიყავი, ვნანობ, ამდენი რომ ვითმინე...
ეს ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.
აქ შვილებთან ერთად იყო მეორე ახალგაზრდა ქალიც - ძალადობის გარემოში მცხოვრები. სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევებმა, ფსიქოლოგის თერაპიულმა კურსმა, ცენტრში გატარებულმა დღეებმა კარგი შედეგები გამოიღო. მისთვის განსაკუთრებული მაგალითი მაინც იყო ქალი, რომელმაც თავი დააღწია ძალადობას და მშვიდად ცხოვრობს შვილებთან ერთად. მერიის დახმარებით, ჩვენი და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით თანდათან აეწყო ყველაფერი და მადლიერია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებით სხვადასხვა თემა მოიცვეს. ოჯახური ძალადობის პრობლემები და პრევენციული გზები ყველგან აქტიურად განიხილება. ხონის, ჩოხატაურის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ იდენტიფიცირების კუთხით ბევრი სამუშაოა.
წარმატებული პრაქტიკა და შედეგები მაპროვოცირებელი გახდა დანარჩენ ცენტრებში შეკრებილი ქალებისთვის. ინფორმაციის გაზიარების პროცესში ახალი შემთხვევების გამოვლენა ხდება ხობის, ვანის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდის პარასპეციალისტები. სწავლობენ ქალთა საჭიროებებს, ქალებს აცნობენ სერვისებს და პროგრამებს.
„ბევრი ისეთი სერვისი არსებობს, რომლის არსებობის შესახებ ქალებმა არ იციან, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს, ყველას უნდა ვუთხრათ, ვინც შეხვედრებზე ვერ მოდის,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა.
ივნისში სენაკის, წყალტუბოს, თერჯოლის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შიდა მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ინფორმირების საკითხი უნდა გაგრძელდეს. ასევე გამოიკვეთა ქალებისთვის პროფესიული კურსების აუცილებლობა. მონიტორინგით გამოვლენილი საკითხები მომდევნო თვიდან დაინერგება და ქალთა მხარდაჭერის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის დღის ცენტრში დაიწყო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ახალი კურსი. მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და სწავლის მიმართ ინტერესიც დიდია. პედაგოგ მაკა ჯიშკარიანის დახმარებით ქალები სიამოვნებით ეუფლებიან ახალ საქმეს.
ჯგუფის წევრებს პირველივე მეცადინეობებზე შეხვდა ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე. მათ უკვე იციან, რას სთავაზობს ჩვენი ორგანიზაცია, როგორ ვართ დაინტერესებულები მათი წარმატებით და განვითარებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტში „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ აქტიურად ჩაერთო ქუთაისიც. შეიქმნა თვითდახმარების ჯგუფი და შედგა პირველი საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ამოცანებს, დაგეგმილ აქტივობებს. ასევე - გაარკვიეს ჯგუფის წევრების მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო მუშაობა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დევნილთა თემებში.
თვითდახმარების ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა ხონში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე - დაგეგმილ ღონისძიებებზე.
თვითდახმარების ჯგუფში გაერთიანდნენ აქტიური ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ თემში იმუშავებენ პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენისა და მათი მოგვარებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც დაეხმარება მათ ახალი ცოდნის და უნარების შეძენაში.
მიმდინარე პროექტი გულისხმობს „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ გაფართოებას, გაძლიერებას და მხარდაჭერას.
