ქალთა თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე წყალტუბოში მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებაც ამ პროექტის განმავლობაში შეუძლიათ.
ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დაიწეროს ინიციატივები (პრობლემის აღწერა, მიზნის სწორი ფორმულირება, შედეგების განსაზღვრა). თითოეული პრობლემისთვის მათ მოიძიეს კონკრეტული საჭიროებები, რათა სწორად გაწერონ ბიუჯეტი. კონკრეტული მაგალითებით შეავსეს სამოქალაქო ინიციატივები, პრაქტიკულად დაინახეს, როგორ იწერება მსგავსი ინიციატივები ან მცირე პროექტები.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
მორიგი შეხვედრა გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ინიციატივებზე, რომელთაც პროექტის სახე უნდა მისცენ და შემდეგ საკონკურსო ჟიურის მხარდაჭერაც მიიღონ; განიხილეს პრობლემის აღწერა, აქტივობების გაწერა, ბიუჯეტის დაგეგმვა; იმსჯელეს მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგზე.
შეხვედრის ბოლოს მოამზადეს კონკრეტული ინიციატივის სამუშაო ვერსია და ერთად დაათვალიერეს სკვერები, რომელთა განახლება იგეგმება პროექტის ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ანკეტური გამოკითხვა, გამოვლენილი პრობლემების განხილვა თემში, ინიციატივების შემუშავება და პროექტად ჩამოყალიბება - ეს თვითდახმარების ჯგუფის ბოლო აქტივობებია, რომლებმაც ხელი შეუწყო სოციალური გააქტიურების პროცესს სენაკის დევნილთა თემში.
თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ინიციატივების განხორციელებაზე, პასუხისმგებელ პირებზე.
ანკეტირებით გამოვლენილი პრობლემები საპროექტო ფორმაში საბოლოო სახეს მიიღებს. მასში დეტალურად იქნება გაწერილი, რა შედეგებს მოიტანს ინიციატივები და რამდენად დაეხმარება თემის საჭიროებების მოგვარებას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ღია დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისში გაიმართა შეხვედრა EUMM-ის მცხეთის ველის ოფისის წარმომადგენლებთან, ნინა სტუბსა და ნადეჟდა დრუმევასთან. სტუმრები დაინტერესდნენ ჩვენი ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „რატომ მიდიან ქალები? ქალთა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების გენდერული განზომილება უფლებრივი მდგომარეობის, სოციალური ფაქტორებისა და ინტერსექციური მოწყვლადობის ჭრილში“ - ძირითადი მიგნებებით და ქალთა მდგომარეობის ადგილზე შეფასების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებით.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გაძლიერებაზე, მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობაზე, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირებაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილურობის, დიალოგისა და ნდობის განმტკიცებაში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საჭიროებების თვალსაზრისით. თანამშრომლობის გაგრძელება ქალთა უფლებებსა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ქალთა ხედვებისა და საჭიროებების მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში უკეთ ასახვისთვის.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ 13-17 ოქტომბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში,მონაწილეობა მიიღო მშვიდობის გლობალურ კონფერენციაში Peace Connect, როგორც GPPAC-ის ქსელის სამხრეთ კავკასიის რეგიონის წარმომადგენელმა საქართველოდან.
კონფერენციამ გააერთიანა მსოფლიოს 90 ქვეყნის 500-ზე მეტი სამშვიდობო აქტორი და შექმნა მნიშვნელოვანი სივრცე თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის. მიუხედავად მონაწილეებს შორის გეოგრაფიული დაშორებებისა და განსხვავებული რეალობებისა, კონფერენციამ აჩვენა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ადამიანები მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. გამოცდილების გაზიარების შედეგად მიღებული ცოდნა კი ახალ ენერგიასა და ერთიან ხედვას აჩენს სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შესაქმნელად.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული თემები მრავალმხრივი იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის 25-წლიან გზასა და მომავალ ეტაპებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობაზე, სამშვიდობო საქმეში გამძლეობასა და სოლიდარობის გაძლიერებაზე, შეზღუდულ სამოქალაქო გარემოში ადგილობრივი ინიციატივების შენარჩუნებასა და მშვიდობის შენების მომავალ ხედვებზე.
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნების როლის გააზრებას მშვიდობის გზავნილების გავრცელებაში - მუსიკის, პოეზიისა და ვიზუალური ხელოვნების გავლენას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ემპათიის გაძლიერების საქმეში.
ეკატერინემ აღნიშნა: „ამ სივრცეში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. უდიდესი შთაგონებაა იმის დანახვა, თუ როგორი გამბედაობით, საქმისადმი ერთგულებით მუშაობენ სამშვიდობო საქმიანობაში ჩართული ადამიანები წინააღმდეგობებით სავსე რეალობაში. მათი გამოცდილების მოსმენა გაძლიერებს, გმატებს მოტივაციას და პასუხისმგებლობის განცდას. იაზრებ, რომ მარტო არ ხარ, რომ შენი ყოველდღიური ძალისხმევა საერთო მისიის ნაწილია. სოლიდარობა, ემპათია, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისგან სწავლა აჩენს ახალ ხედვას და რწმენას, რომ გზის გაგრძელება შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა გარემო პირობები განსაკუთრებულად რთულია. Peace Connect-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას სამართლიანი, მშვიდობიანი და თანასწორი მსოფლიოს შესაქმნელად."
ფონდი „სოხუმის“ ინოვაციური პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში უკვე ასობით ქალს ეხმარება.
პარასპეციალისტები არ არიან ფსიქოლოგები ან სოციალური მუშაკები, მაგრამ სწორედ ისინი ქმნიან თემში მხარდაჭერის პირველ რგოლს.
იხილეთ სიუჟეტი და გაიგეთ, როგორ მონაწილეობენ პარასპეციალისტები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში.
დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ენერგია ისევ აინთო – დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი ჯგუფებითა და ახალი იდეებით! პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მონაწილეთა ჯგუფები, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაივლიან ტრენინგების სერიას კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით.
პირველივე შეხვედრები გამოირჩეოდა სითბოთი, ნდობითა და აქტიურობით. ახალგაზრდებისთვის ეს სივრცე იქცა ადგილად, სადაც შეიძლება გულწრფელად ისაუბრო და მერე იმოქმედო - ძალადობის წინააღმდეგ, თანატოლებთან ერთად.
დისკუსიების დროს ახალგაზრდები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, სწავლობენ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას, პატივისცემაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას და ძალადობის ამოცნობას და პრევენციის გზებს.
„ვხვდები, რომ ცვლილება ჩემით იწყება. მინდა, ჩემი მეგობრებიც მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი ურთიერთობა და ერთმანეთის გაგება,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ახალგაზრდების სურვილია, მიღებული ცოდნა გადაიტანონ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შექმნან გარემო, სადაც კონფლიქტი დიალოგით წყდება, ხოლო ძალადობას ადგილი არ აქვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმს“ გერმანიიდან განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ - ჩვენი დონორი ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ წარმომადგენლები: დოროთეა ვოლფი, კლაუდია ჰინდერერი და ალინა ჰირშმეიერი.
ვიზიტის დასაწყისშუ მათთვის მოეწყო ჩვენი საქმიანობის პრეზენტაცია მიმართულებების მიხედვით: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრი, დღის ცენტრები, ფორუმ-თეატრი, პროექტის სამშვიდობო საქმიანობის კომპონენტი, მონიტორინგი და ადვოკატირება, საინფორმაციო მუშაობა.
ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა ჩვენი ოფისის ეზოში წარმოადგინა ინგლისურ ენაზე მომზადებული სცენა, რამაც სტუმრების აღტაცება გამოიწვია.
სტუმრები გაეცნენ ქუთაისის და სენაკის დღის ცენტრების საქმიანობას, გაესაუბრნენ პოლიმერული თიხის და ჭრა-კერვის კურსების მონაწილეებს, შეუქეს ნახელავი.
სენაკში შეხვდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტ ქალებს, წყალტუბოში კი დაესწრნენ ტრენინგს ახალგაზრდებთან.
ყოველივე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს დონორებზე. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, ფონდი „სოხუმი“ წარმატებით განაგრძობს მუშაობას ქალებთან და ახალგაზრდებთან, რაც სასიხარულო და დასაფასებელია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები, როგორ იყენებენ მიღებულ ინფორმაციებს ქალები? რა გამოწვევები აქვთ და რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებენ? - ამ და სხვა კითხვებზე გასცეს პასუხი შეხვედრების მონაწილე ქალებმა.
- ინფორმაციის მიღება და მისი გამოყენება ძალადობის პრევენციას ემსახურება. ამიტომ ვცდილობთ ყველა ინფორმაცია გავიტანოთ, მივაწოდოთ იმათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება, - აღინიშნა შეხვედრებზე.
შეკრებილები ქალთა საჭიროებებზეც საუბრობდნენ. მათთვის მტკივნეულია მიგრაცია, ახალგაზრდების დაუსაქმებლობა, საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბერში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ ქალები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან.
მათთან კომპლექსურად იმუშავეს ფსიქოლოგმა, იურისტმა და სოციალურმა მუშაკმა. ყველაზე მეტ დროს ფსიქოლოგი ატარებდა. ამიტომაც მას სათქმელიც მეტი აქვს:
„ყოველდღიური ურთიერთობით თანდათან გაიხსნა მათი შინაგანი სამყარო. ამბობდნენ, რომ ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც წლების მანძილზე ტვირთად ატარებენ. ერთ მათგანს ბავშვობიდან ჩაუნერგეს მორჩილებაში ცხოვრება და, უკვე ასაკში მყოფი, კარგად ხვდება, რა ზიანი მოუტანა უსიტყვო მორჩილებამ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია... მისთვის შვება იყო, როცა ვუსმენდი მის ისტორიას. არ უნდოდა საუბრის დასრულება, იმიტომ რომ უსმენდნენ“.
ქალებმა ჩანაწერები დატოვეს. ფრაგმენტები მათი წერილებიდან:
„ადგილი, სადაც ვისვენებ, არის სულიერი სამოთხე“...
„ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, ცოტა სხვანაირად რომ მეცხოვრა“...
„ეს არის ადგილი, სადაც შევძელი მეფიქრა ბედნიერ მომავალზე და, ვფიქრობ, აუცილებლად დავაღწევ თავს წარსულის მოგონებებს. მიყვარხართ“...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
