ოჯახური უფლებები, ქორწინების უფლებები და პირობები - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ფონდი „სოხუმის“ იურისტებთან შეხვედრებზე განხილეს.
შეხვედრების მონაწილეებმა ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რაც თავიანთი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. ჩატარდა როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური კონსულტაციები წყალტუბოს, სენაკის, ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით კი ჯგუფური შეხვედრა გაიმართა სოფელ კახათში.
„მე-6 კლასში ვიყავი, დედა საბერძნეთში რომ წავიდა, ახლა თექვსმეტის ვარ, მაგრამ მაშინდელი ემოციები მაინც მახსოვს. შინაგანი კონფლიქტი ყოველთვის მქონდა, ამ თემაზე არავისთან ვსაუბრობდი“.
„დედა თურქეთში დადის სამუშაოდ, პირველად მე მითხრა, უნდა წავიდე, სხვა გამოსავალი არ გვაქვსო. დავეთანხმე. მაგრამ მისი წასვლის მერე ოჯახში ყველაფერი შეიცვალა, არაფერი მაკლია მაგრამ თითქოს სიმშვიდე დამეკარგა, სულ გაღიზიანებული ვარ“.
ასეთი რეალური ისტორიების განხილვით მიმდინარეობდა დისკუსიები ახალგაზრდებთან თემაზე „ქალთა მიგრაცია - კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“. მონაწილეების აზრით, მიგრაცია ხშირად ქმნის ფონს სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის განვითარებისათვის, ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა და გამოსავალზე ფიქრი მნიშვნელოვანია.
ვორკშოპები გაიმართა თერჯოლაში, ფოთსა და ლანჩხუთში.
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგები ივნისში სხვადასხვა მეთოდით მუშაობდნენ: სატელეფონო კონსულტაცია – 7 ზარი, კონსულტაცია სკაიპით – ფოთსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მეტი იყო ინდივიდუალური თერაპია. აი რამდენიმე მაგალითი:
35 წლის ქალი - დეპრესია, მუშაობა წარიმართა არტთერაპიით, კონსულტაციისთვის გაიგზავნა ფსიქიატრთან.
30 წლის ქალი - ძველი წყენა და შიშები. მუშაობდნენ ასოციაციური ბარათებით, არტთერაპიის გამოყენებით ემოციების კონტროლისა და რესურსების მოძიებისთვის
24 წლის ქალი - სწავლობდნენ დედამთილთან ურთიერთობას, ქცევის სოციალურ როლებს, ემოციების კონტროლს.
მუშაობა მიმდინარეობდა ქუთაისელ, ფოთელ, ოზურგეთელ და ხურჩელ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ბენეფიციარებთან, ხოლო სოფელ ორსანტიაში გაიმართა ჯგუფური შეხვედრა ქალებთან - ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცირე პროექტის მონაწილეებთან.
მომზადდა ძალადობის მონიტორინგის ოთხთვიანი (თებერვალი-ივნისი) ანგარიში.
შეივსო 52 ანკეტა. მათგან 31 ანკეტა შეავსეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისში - 4, წყალტუბოში - 4, ხონში - 3, ფოთში - 4, სენაკში - 3, ხურჩა-კოკში - 4, თერჯოლაში - 3, ოზურგეთში - 3, ლანჩხუთში - 3). ფსიქოლოგებმა და იურისტებმა შეავსეს 21 ანკეტა.
შემთხვევები, ძირითადად, ეხება ქალთა მიმართ ძალადობას - ქმრის, დედამთილის, ვაჟიშვილის, რძლის მხრიდან.
ძალადობის ფორმები: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური.
ძირითადად, მსხვერპლები არიან 35-55 წლის ასაკის ქალები. გამოვლინდა მამაკაცთა და ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ფაქტიც.
ბენეფიციარებმა გამოიყენეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სერვისები: იურისტებს მიმართა 16 ადამიანმა, ფსიქოლოგებს - 29-მ. ფსიქოლოგის, იურისტის და კონფლიქტოლოგის ერთობლივი კონსულტაცია გაიარა 7-მა ოჯახურმა წყვილმა. იყო მუშაობა ტრავმებთან და მოზარდებთან - სამ-სამი შემთხვევა.
4 თვის განმავლობაში ფონდი „სოხუმის“ დახმარებით ორ ქალს მიენიჭა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტ-კონსულტანტების და მობილიზატორების ჩართვით გამოწერილ იქნა ორი დამცავი ორდერი.
ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ივნისში საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ქუთაისში, ოზურგეთში, ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
ინდივიდუალურ შეხვედრებზე სხვადასხვა პრობლემა დაისვა: უკანონო მიშენება, სასამართლოში მოწმედ გამოძახება, ოჯახში ძალადობა, შემაკავებელი და დამცავი ორდერები. მონაწილეებს მიეცათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება მობილურ ტელეფონებში „112 SOS“ პროგრამის ჩამოტვირთვა, რის საშუალებითაც ყოველგვარი დარეკვის გარეშე დაუკავშირდებიან პოლიციას.
შეხვედრების მონაწილეები კმაყოფილები რჩებიან, რადგან პროფესიონალებისგან საჭირო ინფორმაციას იღებენ.
გრძელდება ყოველთვიური შეხვედრები კრიზისულ ოჯახებთან. ივნისის განმავლობაში 6 შეხვედრა ჩატარდა. მათ შორის ორი ახალი წყვილია. კონფლიქტური სიტუაცია სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებენ მხარეები კრიზისული სიტუაციების მართვას.
დანარჩენ წყვილებთან კონსულტაციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. იკვეთება სტაბილურობის ელემენტები, თუმცა კრიზისის დასაძლევად მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ძირითადად, ქცევების კორექციას და ემოციების მართვას შეეხო.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი დასრულდა: ჩატარდა 4 ტრენინგი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და მენეჯერებისათვის თემაზე „გენდერი, გენდერული ძალადობა და ბულინგი“. პროექტის ბოლოს ჩატარდა ფსიქოლოგის საინფორმაციო შეხვედრა #2 ბაღის პედაგოგებთან. 25 ივნისს კი საკრებულოში გაიმართა ფინალური ღონისძიება - მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა პროექტის აქტივობები და მიღებული შედეგები.
პროექტი განხორციელდა ფონდი „სოხუმის“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა 27 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი). შეხვედრებზე განხილული თემებიდან უმთავრესი იყო ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობა და მისი შედეგები. ამასთან ერთად მობილიზატორებმა შეკრებილებთან ისაუბრეს ერთჯერადი დახმარების პროგრამებზე დევნილთათვის, აფხაზეთის მთავრობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებსა და მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებზე. ამ ინფორმაციების გაცნობა თავიანთი პრობლემების მოგვარებაში უწყობს ხელს ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს.
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის ბოლო აქტივობები ივნისში გაიმართა - საინფორმაციო შეხვედრა ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივ ცენტრში, სოფელ კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში მცხოვრები ქალების მონაწილეობით თემაზე „ოჯახური ძალადობა და პრევენციული მექანიზმები“. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები. პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე მცირე ვიდეორგოლების კონკურსი მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება.
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის ბოლო აქტივობები ივნისში გაიმართა - საინფორმაციო შეხვედრა ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივ ცენტრში, სოფელ კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში მცხოვრები ქალების მონაწილეობით თემაზე „ოჯახური ძალადობა და პრევენციული მექანიზმები“. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები. პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე მცირე ვიდეორგოლების კონკურსი მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოება.