ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრმა ორი პრემიერა გამართა ივნისში.
პირველი პრემიერა 1 ივნისს იყო - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - ფონდი „სოხუმის“ ოფისის ეზოში.
მეორე კი 20 ივნისს - დევნილთა საერთაშორისო დღეს - ქუთაისის ბულვარში.
მაყურებელს მოეწონა „გვრიტი“ - ქართული ზღაპრის ახლებური ვერსია. საინტერესო დეკორაციები, უცნაური თოჯინები, მუსიკა, ხმები...
რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის და ახალგაზრდა მსახიობების შრომამ კარგი შედეგი გამოიღო: პატარა მაყურებლის სიხარული და ინტერესი, მშობლების დადებითი შეფასება. „გვრიტი“ ასწავლის პატარებს სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, ტოლერანტობას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სხვადასხვა თემში. შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეები ისმენენ ინფორმაციებს: რას ითვალისწინებს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, ძალადობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს. ეცნობიან მსხვერპლთა დახმარების სერვისებს.
შეხვედრები ჩატარდა ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
საინფორმაციო შეხვედრებიდან უკვე მოხდა კონკრეტული ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება. რეაგირება გრძელდება ქეისების შინაარსის შესაბამისად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობით.
ძალადობის შემთხვევებზე ფსიქოსამართლებრივი რეაგირების მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები - ამ საკითხებზე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სხვადასხვა თემების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. რეაგირების მექანიზმი სხვადასხვაა: გამოიყენება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია. კონფლიქტურ სიტუაციაში რთავენ ავტორიტეტულ ადამიანებს. ეს ინსტრუმენტები ზრდის ეფექტიანობას.
შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“ http://gbvdigitalresourcecenter.ge/. ეს გვერდი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე იძლევა სრულ ინფორმაციას.
მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
რაც საზოგადოების კეთილდღეობას ეხება, ჩვენი საქმეა, - აღნიშნეს შეხვედრის ბოლოს კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. შეხვედრა ლიდერობას და სამოქალაქო აქტივიზმს ეხებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი რამ გაიგეს. ყველაზე მთავარი კი ის, რომ აქტივიზმი არის: აქტიურობა, მოქმედება, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, მონაწილეობა, მოხალისეობა.
ამას გარდა კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ზუგდიდის და კოკი/ხურჩას ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე.
მონაწილეებმა შეარჩიეს გარკვეული სარეკომენდაციო წინადადებები - მაგალითად, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრების გახსნა სოფლებში (სალონი, სამკერვალო, ფეხსაცმლის შეკეთება), სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. საინიციატივო ჯგუფების წევრები პრობლემების ადვოკატირებას შეუდგებიან.
რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივების მიმართ.
საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. შეხვედრის თემა იყო ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები: ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე; ლიდერობა საპასუხისმგებლო გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის; ლიდერი გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია.
საინიციატივო ჯგუფში უკვე იკვეთებიან ლიდერები.
„რუდუნი“ არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ახლახან შეიქმნა ლანჩხუთში. „რუდუნი“ ქვეგრანტების პროგრამით ახორციელებს მცირე პროექტს „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მუნიციპალური ელექტრონული სერვისების როლისა და მნიშვნელობის შესახებ". ორგანიზაციამ მოამზადა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც სრულადაა აღწერილი ის ელექტრონული სერვისები, რომელთაც მოსახლეობას სთავაზობს ვებგვერდი www.lanchxuti.gov.ge და ელექტრონული მენეჯერი lcman.ge. საზოგადოებაში ბუკლეტის გასავრცელებლად, სხვა საშუალებეთან ერთად, გამოყენებულ იქნა ადგილობრივი გაზეთი „ჰო და არა“. ბუკლეტი გაზეთთან ერთად მიიღო მისმა 3000-მა გამომწერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 ტერიტორიულ ერთეულში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საჭიროებების კვლევის მეორე ეტაპის შედეგები და საჯარო მმართველობის ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის მხრივ მიღწეული ცვლილებები. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს სასოფლო დარბაზი - ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ეს ორი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელებაში და დიდია მათი წვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ტყიბულის, ზუგდიდის, ბაღდათის, წალენჯიხის და ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მერიის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების ხელშეწყობით ფონდმა „სოხუმმა“ 5 ტრენინგი ჩაატარა ახალგაზრდულ ცენტრებში კონფლიქტის ესკალაციის, ოჯახური ძალადობის მიზეზების და კიბერბულინგის თემაზე.
ტრენერების დავალებით მონაწილეებმა გაითამაშეს როლური თამაშები, შემდეგ კი გამართეს დისკუსიები და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები. ტრენინგებზე გამოვლინდნენ აქტიური ახალგაზრდები, ლიდერები, რომლებმაც საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების სურვილი გამოხატეს. მათმა ერთმა ნაწილმა უკვე დამოუკიდებლად ჩაატარა შეხვედრა და მიღებული ცოდნა გაუზიარა თანატოლებს.
წყალტუბოში ორი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფია. ჯგუფების წევრებმა შეხვედრებზე საკუთარი აქტიურობის მაჩვენებელი განსაზღვრეს და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილეს ყურადღება. გაიხსენეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები.
მათი აზრით, ახალგაზრდების ჩართულობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას საზოგადოებაში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ანკეტირებაზე, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასებას. კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხები გახდება ადვოკატირების საგანი, რაც მომდევნო თვიდან განისაზღვრება საინიციატივო ჯგუფის ადვოკატირების გეგმით.
სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. ახალგაზრდებმა სამოქალაქო აქტივიზმზე იმსჯელეს. მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივები, იდეები და მათი რეალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას.
ქალთა საინიციატივო ჯგუფში მოისმინეს სენაკში ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების“ შედეგები. ჯგუფის წევრები გაეცნენ, ადამიანური უსაფრთხოების რომელ კომპონენტში რა საფრთხეებს გრძნობენ ქალები, რომელია მათთვის ყველაზე აქტუალური პრობლემები და რას იწვევს არსებული საფრთხეები. ისინი კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან.