მივდივართ და სითბოთი სავსე მოგონებები მიგვაქვსო, ამბობდნენ დიდებიც და პატარებიც... იმედიანად წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის იანვრის ყველა ბინადარი - ორი ქალი და 6 ბავშვი.

მათთან კომპლექსური მუშაობა ჩატარდა: სოციალური მუშაკი თავის საკეთებელს აკეთებდა, ფსიქოლოგი - თავისას. ცალკე მიდიოდა მუშაობა ბავშვებთან.

ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე: „რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი და ჩვენი ვალია, დავეხმაროთ უკეთესი გზის პოვნაში. ეს დღეები ვმუშაობდით იმაზე, როგორ დაალაგონ ურთიერთობები, როგორ მოახერხონ სოციუმში ადაპტაცია, დაძლიონ ემოციური და ყოველდღიური პრობლემები.“

ბავშვებთან მუშაობის ასისტენტი ანა ლომიძე: „პირველ დღეს ბავშვები ფრთხილები არიან. მეორე დღიდან მათი გონება გათავისუფლებულია ზედმეტი საყოფაცხოვრებო ფიქრისგან. სავარჯიშოებით, დავალებებით აცნობიერებენ, რა უფლება-მოვალეობები აქვთ. იწყებენ საუბარს ოჯახზე, პრობლემებზე. ერთ-ერთმა თქვა: ,,აქედან რომ გავალ, ბაბუას და მამას სარკის წინ დავუდგები და ვეტყვი, რომ ცუდად იქცევიან და არ დავანებებ, რომ დედა და ბებია ატირონ“. სარეაბილიტაციო ცენტრში ქალებთან ერთად ბავშვებიც ძლიერდებიან. ისინი ზრუნავენ დედებზე, ჩვენ ერთად ვამზადებთ დედიკოებისთვის სიმბოლურ საჩუქრებს“....

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში სატრენინგო მუშაობა აქტიურად გრძელდება. კიდევ ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, ვანის, ტყიბულის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 97 ადამიანი.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში - საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებში. ტრენინგები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ მონაწილეები საკმაოდ მოტივირებული არიან, უნდათ მეტი ინფორმაციის მიღება, მეტი სამოქალაქო განათლება და ეს იგრძნობა მათ დამოკიდებულებაში.

ყველა ახალგაზრდულ ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ შემაჯამებელ შეხვედრებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პატარა ბიჭუნა დედასთან ერთად შემოვიდა. აქ ხშირად მოჰყავთ ბავშვები, ამიტომ ფსიქოლოგ მანანა გოცირიძის ოთახში ბევრი სათამაშოა. თაროზე უწყინრად იდო კურდღელიც. უკრაინელმა ბიჭუნამ უცებ იყვირა: ბაჭია! მერე ფსიქოლოგს ჰკითხა: შეიძლება ხელში ავიყვანო? რა თქმა უნდა, მისცეს. ეხუტებოდა, ეფერებოდა... მიხვდა მანანა გოცირიძე - რატომაც და უთხრა, თუ გინდა, გაჩუქებო. დედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ასეთი ჰქონდა სახლში და ძალიან უყვარდაო...

ბედნიერი წავიდა პატარა ბიჭუნა.

ყველა კმაყოფილი რჩება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ. ზოგს ნაკლები პრობლემა აქვს და უფრო მალე სრულდება რეაბილიტაციის პროცესი, ზოგს მეტი ვიზიტი სჭირდება.

უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრები მანანა გოცირიძის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იანვარში ის 6 ოჯახს შეხვდა - 17 ადამიანს. ჩატარდა პირველადი კონსულტაცია, ანამნეზის შეგროვება და მათ შესთავაზეს უფასო ფსიქოთერაპიის გაგრძელება. ოჯახებს ასევე გადაეცათ საჭირო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი.

კიდევ ერთი გამოშვება ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. უამრავი ლამაზი ნაკეთობა. კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ისწავლა პოლიმერულ თიხასთან მუშაობა და პატარა საოცრებების შექმნა.

ტრადიციულად, ორთვიანი კურსის ბოლოს მოეწყო შემაჯამებელი ღონისძიება. მონაწილეებმა წარმოადგინეს სწავლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, ისაუბრეს თავიანთ თავზე... პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მათ აღნიშნეს, რომ ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო პროფესიული განვითარების და პირადი ურთიერთობების კუთხით და ისინი  წარმატებით გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვანის მუნიციპალიტეტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია შექმნისთვის. მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა ვანის მერთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის დეტალები - თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას და რა შემადგენლობით უნდა იყოს ის წარმოდგენილი.  ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კომისიის დამტკიცებისთვის საჭირო დოკუმენტების შემუშავება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად განაგრძობენ მოსახლეობის ინფორმირებას მსხვერპლთა დახმარების და მხარდაჭერის სერვისებზე, ეხმარებიან ქალებს სხვადასხვა სახის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემის ადვოკატირებაში.

იანვარში სამტრედიის, ტყიბულის, ზუგდიდის, ვანის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ინფორმირების შედეგად უკვე გამოიკვეთა კრიზისული ოჯახები, მათთან მუშაობა ინტენსიურად გრძელდება.

საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა ქეისზე ინდივიდუალურად მუშაობს ფონდის ფსიქოლოგი.  დახმარების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვთა მხარდაჭერის განყოფილებებიც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ახალგაზრდულ მიმართულებაში ერთ-ერთი მთავარია ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრების გააქტიურება.

ყოველთვიურად ტარდება ტრენინგები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. იანვარში ტრენინგების სამუშაო თემები იყო ნაადრევი ქორწინება და კონფლიქტის მოგვარების გზები. აქტუალურმა საკითხებმა დისკუსიები გამოიწვია და ამით კიდევ უფრო საინტერესო გახდა ყველა ტრენინგი.

პირველი ხუთი ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდები ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თავიანთ სკოლებში, ქალაქებსა და სოფლებში ავრცელებენ, რითაც ხელს უწყობენ კონფლიქტების შემცირებას და ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელისუფლებო სტრუქტურების და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები. მათ ძალადობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია გააანალიზეს და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის შეხვედრების ერთი ნაწილი ჩატარდა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. მესენჯერის მეშვეობით გაიმართა საუბრები ქობულეთის, ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან. ამას გარდა გაიმართა გასვლითი შეხვედრები სენაკში და ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ ქალებთან. ამ შეხვედრებს 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

რეგიონებში 14 ბენეფიციარმა ონლაინ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები გაიარა, ხოლო ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში 12 ბენეფიციართან წარიმართა მუშაობა.

ფსიქოლოგმა ასევე გამართა პირველადი შეხვედრები ანამნეზის ასაღებად და დიაგნოსტიკური საქმიანობისთვის დღის ცენტრის 5 ბენეფიციართან - ჯგუფთან, რომელიც პოლიმერულ თიხაზე მუშაობას სწავლობს.

დეკემბერში მუშაობის შედეგები ასეთია: შეძენილი უნარების მეშვეობით ბენეფიციარებმა დაძლიეს უარყოფითი ემოციები და იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„არ ველოდი, რომ ჩემი ოჯახი ფონდიდან ამდენ პროდუქტს მიიღებდა. ძალიან ამაღელვებელია ეს საჩუქარი. ასეთი მასშტაბის დახმარება საქართველოში პირველად მივიღე. და, რაც მთავარია, დახმარებას ადამიანური სახე აქვს. ეს არ არის ფორმალიზებული, არ არის მშრალი, არ არის „საჩვენებლად“ გაკეთებული. სითბოს ვგრძნობდი ყველასგან, ვისთანაც ვურთიერთობდი. ამასთან ერთად გაჩნდა განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

„დიდი მადლობა თქვენს ფონდს ჩემი ოჯახის დახმარებისთვის. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ და ასჯერ მეტი სიკეთე და სიუხვე მოგცეთ.“

„გულითად მადლობას ვუხდი დახმარებისთვის ყველას, ვინც მონაწილეობდა. დაე, ჯანმრთელობად და კეთილდღეობად დაგიბრუნდეთ.“

ეს არის იმ უკრაინელი ქალების გამოძახილი, ვინც მხარდაჭერა მიიღო ჩვენი ორგანიზაციისგან.

ყველაფერი თებერვალში დაიწყო.

ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ჩვენ უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მიმართვა გავავრცელეთ.

შევაგროვეთ 10 000 ლარი და 28 თებერვალს ამანათები გავაგზავნეთ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები