"დიდი მადლობა თქვენს ფონდს ჩემი ოჯახის დახმარებისთვის"

„არ ველოდი, რომ ჩემი ოჯახი ფონდიდან ამდენ პროდუქტს მიიღებდა. ძალიან ამაღელვებელია ეს საჩუქარი. ასეთი მასშტაბის დახმარება საქართველოში პირველად მივიღე. და, რაც მთავარია, დახმარებას ადამიანური სახე აქვს. ეს არ არის ფორმალიზებული, არ არის მშრალი, არ არის „საჩვენებლად“ გაკეთებული. სითბოს ვგრძნობდი ყველასგან, ვისთანაც ვურთიერთობდი. ამასთან ერთად გაჩნდა განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

„დიდი მადლობა თქვენს ფონდს ჩემი ოჯახის დახმარებისთვის. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ და ასჯერ მეტი სიკეთე და სიუხვე მოგცეთ.“

„გულითად მადლობას ვუხდი დახმარებისთვის ყველას, ვინც მონაწილეობდა. დაე, ჯანმრთელობად და კეთილდღეობად დაგიბრუნდეთ.“

ეს არის იმ უკრაინელი ქალების გამოძახილი, ვინც მხარდაჭერა მიიღო ჩვენი ორგანიზაციისგან.

ყველაფერი თებერვალში დაიწყო.

ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ჩვენ უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მიმართვა გავავრცელეთ.

შევაგროვეთ 10 000 ლარი და 28 თებერვალს ამანათები გავაგზავნეთ.

8 მარტს გაიმართა აქცია. ყვითელ და ლურჯ ფერებში. მიმოზებით და ნარცისებით. მოწოდებებით, ბანერებით. ქუთაისის თეატრის კიბეებზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ ყველა აქტივისტი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იდგნენ. აქცია საქართველოს ყველა მედიამ გააშუქა.

სოლიდარობის ნიშნად გადავიღეთ ვიდეორგოლები.

სოლიდარობის შეხვედრები ჩავატარეთ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ დავეხმარეთ ოკუპირებული მელოტოპოლის ქალებს - გავუგზავნეთ მათ 55 800 გრივნა - მოხალისე ქალები  ქალაქელებისთვის ყიდულობდნენ საკვებს და წამლებს.

 

აპრილში, როცა უკრაინიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ საქართველოში, შევქმენით მხარდაჭერის ჯგუფი და დავიწყეთ მათი დახმარება.

უკრაინელებისთვის შეიქმნა ჩათი - ეს არის კომუნიკაციის პლატფორმა, შესაძლებლობა, გავეცნოთ მათ საჭიროებებს, პრობლემებს და ერთმანეთს გავუზიაროთ ემოციები. დღემდე ჩათში იწერება მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია. ჩათში ახლა 250-ზე მეტი წევრია.

ვარიგებთ პაკეტებს საჭირო პროდუქტებით და ჰიგიენური საშუალებებით. თუ ოჯახში ბავშვები არიან, დამატებით ჩნდება: პამპერსები და ბავშვის საკვები. საჭიროების შემთხვევაში ვყიდულობთ წამლებს, სათვალეს, თბილ საბანს თუ გამათბობელს, ბავშვებისთვის - სკოლის ნივთებს...

ვეხმარებით საცხოვრებლის ქირის გადახდაში, ვფარავთ კომუნალურ გადასახადებს, ვაფინანსებთ სამედიცინო პროცედურებს (ქირურგია, ონკოლოგიური მკურნალობა).

 

რამდენიმე მონაცემი თვალსაჩინოებისთვის:

ჩვენ დავეხმარეთ 409 ბენეფიციარს (196 ქალი, 149 ბავშვი და 62 მამაკაცი). 23 ოჯახს ვუხდით საცხოვრებლის ქირას, 9 ოჯახს ვეხმარებით კომუნალურების გადახდაში, ორ ქალს დავუფინანსეთ ოპერაციის ღირებულების ნახევარი (ორივე ონკოდაავადებულია), სამს - ონკოლოგის მიერ დანიშნული პროცედურები (ქიმია, გამოკვლევები, სხივური თერაპია). ასევე ვიძენდით მედიკამენტებს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

88 უკრაინელმა უკვე დატოვა ჩვენი ქვეყანა, 319 კი აქ არის. მათი უმეტესობა - 308 ადამიანი ცხოვრობს ქუთაისში, ხოლო დანარჩენი 99 - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, ტყიბული, წალენჯიხა, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, სამტრედია. ერთი წყვილი პენსიონერი ჩვენს ბაზაში არის თბილისიდან - ჩვენ მათ საბინაო ხარჯების დაფარვაში დავეხმარეთ).

სექტემბერში კოვალენკოს ოჯახისთვის ორ დღეში 3600 ლარი (1300 დოლარამდე) შევაგროვეთ და ხუთი ადამიანი უკრაინაში გადაფრინდა.

უკრაინელი ლტოლვილები უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ. ჩვენ სამსახურში ავიყვანეთ ორი უკრაინელი ფსიქოლოგი (მარინა კიევიდან და ანა ხერსონიდან), ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად თერაპიას უტარებენ ყველას, მათ შორის ბავშვებს.

ქუთაისის მერიამ, ჩვენი ინიციატივით, დევნილებს პირადი სამგზავრო ბარათები გადასცა. ახლა ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემაზე მუშაობენ.

ასევე ხელს ვუწყობთ, რომ მსურველები ჩაერთონ ქართულის ან ინგლისურის შემსწავლელთა კურსებში. ვეხმარებით სამუშაოს მოძიებაში - სამი ქალი სამკერვალო ფაბრიკაში დავასაქმეთ, ერთი - სამრეცხაოში.

ჩვენ ვმონაწილეობთ შეხვედრებში და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყველასთან, ვისაც შეუძლია უკრაინელების დახმარება.

 

ჩვენ ვიწვევთ უკრაინელ ქალებს ჩვენს ღონისძიებებზე.

ოფისში მათთვის მოვაწყვეთ ქართული სამზარეულოს დღე, შემდეგ კი დავეხმარეთ უკრაინული სამზარეულოს დღის ორგანიზებაში.

20 ივნისს, დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ისინი ჩვენთან იყვნენ. 24 აგვისტოს კი ქუთაისში ერთად აღვნიშნეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

ტრადიციის მიხედვით, უკრაინაში საახალწლო არდადეგები 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე იწყება. ამიტომ ამ დღეს მეგობრობის დღესასწაული მოვაწყვეთ და ბავშვებს საჩუქრები გადავეცით.

 

ვფიქრობთ, რომ უნდა ვისაუბროთ ქალებზე, რომლებიც ომის და მისი შედეგების გამო იტანჯებიან. ამ მიზნით, მარტში ჩვენს ვებგვერდზე გავხსენით ბლოგი „ქალები უკრაინიდან" https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/

მთავარი გმირები ქალები არიან - ხერსონიდან, ჩუგუევიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერდიანსკიდან, ვინიციდან...

ბლოგზე უკვე 18 ჩანახატია ქალებზე, რომელთა ოცნებაა მშვიდობა და შინ დაბრუნება...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები