წერილი ჩვენი დონორი ორგანიზაციისგან - Brot für die Welt - Evangelischer Entwicklungsdienst (გერმანია)

2022 წლის 17 მარტი, ბერლინი

ძვირფასო დებო და ძმებო,

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

ძვირფასო პარტნიორებო უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში!

 

რთულია, წარმოვიდგინოთ თქვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში. სიტყვები არ გვყოფნის ჩვენი გრძნობების გამოსახატავად, რადგან ამ დღეებში განუზომელი ტანჯვის მოწმენი ვართ. ომი წარმოუდგენლად საშინელი და სასტიკია, ომს მივყავართ ნგრევამდე და სიკვდილამდე - ომი მოიცავს ყველაფერს, რისი გადალახვაც გვსურდა საერთო ძალისხმევით და პარტნიორობით ღირსეული სიცოცხლისთვის. ომი კავშირების გაწყვეტისა და ადამიანების გაყოფის საშინელი მცდელობაა, იგი ხორციელდება ახლო და გრძელვადიანი ურთიერთობების გასანადგურებლად.

ამ მოცემულობაში, ჩვენი საშუალებები ამ სიტუაციის შესაცვლელად შეზღუდულია. მაგრამ გვსურს დაგამშვიდოთ, რომ გავაკეთებთ თქვენთვის ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ჩვენ გვსურს შეძლებისდაგვარად დაგიჭიროთ მხარი და გვერდით დაგიდგეთ. გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს საჭიროებებზე და სიტუაციაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის ახლა - რადგან მდგომარეობა და საჭიროებები სწრაფად იცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვეყრდნობით თქვენი მხრიდან მიღებულ ინფორმაციას. ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად და ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები. ჩვენმა ჰუმანიტარულმა ფილიალმა Diakonie Katastrophenhilfe-მ შექმნა გადაუდებელი საჭიროების ფონდი და ჩვენ ვიღებთ შემოწირულობებს ამ ფონდის გასაფართოებლად.

ჩვენ ასევე მჭიდროდ ვართ დაკავშირებული დიალოგის პოლიტიკურ და ეკუმენიკურ პროცესებთან, ჩვენ ჩართული ვართ ქვეყნებს, ჯგუფებსა და კონფლიქტურ მხარეებს შორის ხიდების აღდგენაში. ჩვენ  ხმას ვიმაღლებთ ეკლესიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად - და ვლაპარაკობთ ასევე იმათი სახელით, ვისაც ამ დროისთვის არ შეუძლია ხმის მიწვდენა. ჩვენ რაც შეიძლება მეტ რესურსს ვდებთ კატასტროფის მასშტაბის  აღმოსაფხვრელად და ამით გვსურს აქტიური სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს პარტნიორებს უკრაინაში და ყველა ლტოლვილს მეზობელ ქვეყნებში, ასევე გერმანიაში ამ დღეებში ჩასულ დევნილებს.

ჩვენ ასევე გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს პარტნიორებს ბელორუსიასა და რუსეთში, რომლებიც ახლა განიცდიან რეპრესიებს, მძიმე შეზღუდვებს და მტრულ დამოკიდებულებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც ზრუნავს, ვინც წარმოუდგენლად შრომობს სხვების დასახმარებლად ძალიან სახიფათო სიტუაციებში და ყველას, ვინც რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავისუფლებას და ემუქრება სასჯელი ომის წინააღმდეგ საჯარო პროტესტისა და მშვიდობის მოთხოვნის გამო.

ჩვენ ვიზიარებთ თქვენს შიშს, სასოწარკვეთილებას და მოწოდებას ძალადობის დასასრულებლად, ვემხრობით მშვიდობიანი და თავისუფალი ცხოვრებისკენ სწრაფვას. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ვთხოვთ ღმერთს, რომ დაგიფაროთ, სადაც არ უნდა იყოთ და გამოგიგზავნოთ მშვიდობა ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობის განცდა გაიმარჯვებს და ყველა ბოროტი ზრახვა დამარცხდება. არაფერია ამაო, რაც კეთდება სიცოცხლის გადასარჩენად, დასახმარებლად და მშვიდობის გამოსახატავად.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და ეკლესიებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, დარჩნენ ღია დიალოგში ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანთან, შეეცადონ იპოვონ მშვიდობის დამყარების შესაძლო გზები, არ დაემორჩილონ მტრის აზროვნებას და სხვების დამახინჯებულ სტერეოტიპებს და დააფასონ ბევრი ადამიანის როლი როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხრიდან, გამოხატონ სოლიდარობა, მშვიდობის და შერიგების სურვილი ამ უაღრესად რთულ ვითარებაში.

გიგზავნით კურთხეულ სიტყვებს ბიბლიიდან და უფალს ვავედრებთ თქვენს სულს, სხეულს და გრძნობებს. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ და ყველა, ვინც გიყვართ და დაგვეხმაროს ყველას მშვიდობიანი გზის პოვნაში! ახლა დიდი მარხვის დროა, რომელიც მიგვიყვანს წითელ პარასკევამდე და აღდგომამდე, გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ძალადობა და სიკვდილი  დაიძლევა და გაგრძელება აღარ ექნება. დაე, ღმერთი იყოს თქვენთან ნებისმიერ დროს!

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები