ტრენინგი მობილიზატორებისა და პარასპეციალისტებისთვის
ჩვენი ორგანიზაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სოციალური მუშაობა თემებში, ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება - მუშაობის შეფასება და ანალიზი“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და პარასპეციალისტები დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სოციალური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა, შეაფასეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სოციალური მუშაობის შედეგები, ისაუბრეს გამოწვევებზე, მიგნებებზე და მასზე რეაგირების მექანიზმებზე.
ტრენინგის პროგრამიდან გამომდინარე მონაწილეებმა ინტერაქტიული ჩართულობით განსაზღვრეს ქალთა მხარდაჭერის სერვისების გამოყენების ეფექტიანობა.
მათ ტრენერისგან მიიღეს საჭირო რჩევები, როგორ გაიზარდოს არსებული სერვისების გამოყენება ბენეფიციარების მიერ, რა დამატებითი უნარებია საჭირო სოციალური მუშაობის გასაძლიერებლად.
ჯგუფური მუშაობის ფორმატში ფსიქოლოგთან ერთად შექმნეს პერსონის (ბენეფიციარის) ფსიქოსოციალური პორტრეტი; იმსჯელეს, რამდენად აუცილებელია ემპათია, სენსიტიური მიდგომა ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებთან კომუნიკაციისას.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს:
„ტრენინგი კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაზიარებლად. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი ქალია, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას. ჩვენ შევძლებთ მათთან თანამშრომლობას და მათი მდგომარეობის შეცვლას სოციალური მუშაობის გაძლიერებით“.
„მიღებული ინფორმაციები ჩემთვის არის ახალი უნარები, რომელთა გამოყენება დამეხმარება რისკის ჯგუფის ქალების იდენტიფიცირებაში“.
„ვუსმენდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და თითქმის ყველგან ერთნაირი სიტუაციაა - აუცილებელია სოციალური მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის. ბევრი რამ ვიცით, დღესაც ვისწავლეთ და ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ ქალების გასაძლიერებლად“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)