2023 წლის საანგარიშო შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დამფუძნებელმა ალლა გამახარიამ იმ წლების და წარსულის გახსენებით დაიწყო, რომელმაც  26 წლის მანძილზე, ჩვენი მოღვაწეობის წარმატება განაპირობა

დღეს ქალთა ფონდი ,,სოხუმი" ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა არასამთავრობო სექტორში. ის მუშაობს 10 მუნიციპალიტეტში და აქვს წარმომადგენლობა თბილისში.

შემაჯამებელ შეხვედრაზე წლის მანძილზე სხვადასხვა მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს: ეკატერინე გამახარიამ, ლელა ჯალაღონიამ, ნინო ჭაბუკიანმა, ხათუნა გოგუამ, თეა თორინავამ, ემა კამკიამ, თეა გოლეთიანმა, მერი გელაშვილმა, გურანდა გვანცელაძემ, ლალი გახარიამ და თამარ კუხალაშვილმა.

ამ გამოსვლებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი ნაყოფიერი და შედეგიანია ჩვენი აქტიური მუშაობა ქალებთან, ახალგაზრდებთან, სხვადასხვა უწყებასთან...

სასწავლო პროექტები ქალთა ფონდი „სოხუმის“ განსაკუთრებული ხელწერაა. ქუთაისის ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები ახალ უნარებს დაეუფლნენ.

მათ მიიღეს კომპიუტერული უნარების (Windows, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet Explorer, Skype, E-mail) საბაზისო ცოდნა და კურსის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპიუტერული კურსი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს კომუნიკაციაში, დასაქმებასა და თვითრეალიზებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ქუთაისის ჯგუფისთვის ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი ბიზნესის და მეწარმეობის, ბიზნეს იდეის და ბიზნესის დაგეგმვის შესახებ. მონაწილეებმა მოისმინეს კვალიფიციური რჩევები პროდუქციის/სერვისის მახასიათებლებსა და ფასწარმოებაზე, რაც აუცილებელი ინფორმაციაა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის.

საინტერესოა ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირი:

„მივიღე ცოდნა ბიზნეს გეგმის შედგენაში, რომ მერე დამოუკიდებლად შევძლო წინსვლა.“

„შემაქეს და განცდა მაქვს, რომ ჩემი იდეა გაიმარჯვებს, რადგან ახალია საზოგადოებისთვის.“

„ვისწავლე, როგორ განვსაზღვრო სწორად ბიუჯეტი. როგორი რეკლამა გავაკეთო გაყიდვებში წარმატების მისაღწევად.“

ტრენინგი არის კარგი მხარდაჭერა საკუთარი ბიზნესის დაწყებაში და დაეხმარება მონაწილეებს, უკეთ მოემზადონ ქალთა ფონდი „სოხუმის“ საგრანტო კონკურსისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშს: „ქალთა მიმართ ძალადობის რისკების კვლევა“, რომლის მიზანია ორგანიზაციის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკების განსაზღვრა და შეფასება, შემთხვევებზე დროული რეაგირებისა და რელევანტური ადვოკატირებისთვის.

კვლევის მონაცემებით ნათლად გამოიკვეთა ქალების ცხოვრებაში  პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც მეტწილად განპირობებულია  უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონით, ოჯახში ძალადობის ფაქტებით. სამწუხაროდ, კვლავ არასახარბიელოა ქალთა ინფორმირება და ხელმისაწვდომობა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებებზე. კვლევის თანახმად, ქალებმა საკუთარი უსაფრთხოების განცდა საშუალოდ შეაფასეს და ხაზი გაუსვეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემქმნელ ქმედებებს მათ ცხოვრებაში.  

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, მუნიციპალიტეტების როლის გაზრდას, რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განხორციელებული ღონისძიებების  მონიტორინგისა და შეფასების ქმედითი სისტემის დანერგვას, რელევანტური სპეციალისტების უწყვეტ გადამზადებას. 

 ხონის ახალგაზრდული კლუბის დეკემბრის თვის ტრადიციულ შეხვედრაზე წევრებმა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს. ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელი შეხვდა. შეხვედრას ქალბატონებთან ერთად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ნინო ხონელიძემ აუდიტორიას ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების არსებობის, მათი ფუნქციონირების, დაყოვნების წესებისა და ზოგადად, ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რაც შეეხება ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფს, მათ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები განიხილეს და განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

ვორკშოპები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, ძალადობის თემის განხილვა  და დისკუსია - ამ ტიპის აქტივობებით წყალტუბოს  ქალთა საინიციატივო ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიაში ჩაერთო.

კამპანიას მრავალფეროვანი ღონისძებით შეუერთდნენ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც. მათ პრიორიტეტული საკითხები წამოსწიეს- ქალთა უფლებები, ნააადრევი ქორწინება, გენდერული ძალადობა, შშმ პირთა უფლებები, მოაწყვეს ნახატების გამოფენაც .

 ახალგაზრდების მიერ მომზადებულ  პრეზენტაციებსა  და დისკუსიებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგპროტესტი გამოიკვეთა .

. ფონდი "სოხუმი"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი "ჰერა" ახორციელებს უფასო სკრინინგში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ჩათვლით, რადიოლოგის ან მამოლოგის გასინჯვა; მამოგრაფიული გამოკვლევა. გამოკვლევები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს ჩაუტარდა.პროცესს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აკვირდებოდა.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული 16-დღიან საერთაშორისო კამპანიაში. მათი ინიცირებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები, დევნილთა დასახლებაში აქცია გაიმართა, მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია. კლუბის წევრებმა დაარიგეს თემატური ფლაიერები და საინფორმაციო ფურცლები. კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ქალთა საინიციატივო ჯგუფიც. მათი ინიცირებით ორი ვორკშოპი ჩატარდა თემაზე: ოჯახური კონფლიქტები და მისი მართვა, მსხვერპლთა დახმარების სერვისები. ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა დეკემბრის თვის შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამეს. შეხვედრას ზუგდიდის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორი და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლი ესწრებოდა. მათ ქალბატონებს ს ინფორმაცია ადგილობრივი პროგრამების შესახებ მიაწოდეს.

რაც შეეხება ახლაგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, მათ ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე მშვიდობა და სამშვიდობო მოლაპარაკებები. მონაწილეები ტრენინგში როლური თამაშების საშუალებით ჩაერთნენ და ისაუბრეს, რა არის საჭრო სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისა და დასრულებისთვის.

მშვიდობა, მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო მოლაპარაკებები - ამ საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულ ჯგუფთან ტრენინგი გაიმართა. მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში, დისკუსიის ფონზე გაანალიზეს რა არის საჭირო მშვიდობის მისაღწევად და რა როლი აქვთ ახალგაზრდებს ამ პროცესებში. გაიგეს რა არის მოლაპარაკება, რა სეგმენტების გათვალისწინებაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმართვისთვის. როლური თამაშების დახმარებით ტრენინგში მთელი ჯგუფი აქტიურად ჩაერთო.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კამპანიის ფარგლებში დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ბევრი ღონისძიება და აქცია ჩაატარეს. მომზადდა კედლის გაზეთები, სლოგანები, გადაიღეს ვიდეორგოლები, მოეწყო ფილმების ჩვენება ძალადობის თემაზე, ჩატარდა გამოკითხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ქალის როლზე. აქციას მამაკაცებიც შეუერთდნენ. სკოლის მოსწავლეებმა, ფორუმ თეატრის წევრებმა, ძალადობის წინააღმდეგ მინი სპექტაკლები წარადგინეს. მიზანი ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები