ხონის მერიის ცხელი ხაზის დადებითი მხარეები

ხატია ხაჭაპურიძე: „თბილისში ვცხოვრობ. სოფელ გელავერში მამის საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაცია დამჭირდა და გუგლში ხონის მერიის ცხელი ხაზი მოვძებნე... ყველა საჭირო ინფორმაცია მომაწოდეს. მივესალმები ცხელი ხაზის არსებობას, რამეთუ ამარტივებს უამრავი საკითხის მოგვარებას.“

ცისანა მუშკუდიანი: „ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ხონი კი არა, სამყარო დააპატარავა. ხონის მერიის ცხელ ხაზზე ხშირად არ ვრეკავ, თუმცა როცა კი მიმიმართავს, უპასუხოდ არასოდეს დავუტოვებივართ. მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას კომპეტენტურად მაწვდიან.“

ამას ხონის მერიის ცხელი ხაზით კმაყოფილი ადამიანები ამბობენ.

ცხელი ხაზი ხონის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შემდეგ შეიქმნა: დამონტაჟდა ცალკე სატელეფონო ხაზი, გადამზადდა პერსონალი, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ...

ცხელი ხაზის ამოქმედების იდეა ეკუთვნის ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას - განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“ და ეს იდეა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელისო ჯიქია ამბობს: ჩვენს მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ მინიგრანტის მხარდაჭერით განვახორციელეთ მცირე პროექტი „საზოგადოების ხმა თვითმმართველობაში.“ 2020 წლის აგვისტოდან სრულყოფილად ამოქმედდა  ცხელი ხაზი. კოვიდპანდემიის პირობებში, როცა თვეების მანძილზე ჩაიკეტა სოფლები, არ იყო ცოცხალი კომუნიკაცია მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის, ამ სერვისმა განსაკუთრებით გაამართლა - მოქალაქეები რეკავენ და მათთვის საჭირო კითხვაზე კვალიფიციურ პასუხებს იღებენ... 

ხონის ოფიციალურ გვერდზე http://khoni.gov.ge კონტაქტების კატეგორიაში მოცემულია ცხელი ხაზის ორი ნომერი:

+995 595 33 25 44 - მერია

+995 595 33 84 49 - საკრებულო

ცხელი ხაზის შესახებ ხონის სამუშაო ჯგუფის აქტიურმა წევრმა, ჟურნალისტმა გურანდა ცაგურიამ სტატია გამოაქვეყნა გაზეთ „ხონში“ https://www.facebook.com/khoni.gazeti.3

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეორე მინიგრანტის „მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეებისთვის“ ფარგლებში განახლდა მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი. ეს იდეა განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ორგანიზაციამ - ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.

ეს ერთ-ერთი წარმატებული შედეგია პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები