ნუსხაში: ამბულატორია, ტრანსპორტი, სალონი...       

ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები აქტიურად არიან ჩართულები დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა, კონფლიქტის მიმდებარე ტერიტრიაზე მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების ადვოკატირებაში.

მათ სისტემატური დიალოგი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დევნილთა სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციებთან. ამ ეტაპზე ჯგუფის წევრების „სამიზნე“ საერთაშორისო ორგანიზაციები  გახდნენ.

ნონა ბუკიას - სოფელ ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერს - საშუალება ჰქონდა, მისთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა გაეროს მუდმივი კოორდინატორთან საქართველოში, საბინე მახლთან, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა ანაკლიაში.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციების შესახებ 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაზე, გადაწყვეტილების მიღების, სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ჩართულობაზე იმსჯელეს.

ნონა შეეხო  საკითხებს, რომლებიც ყველაზე საჭირბოროტოა კონფლიქტის მიმდებარე თემებში:  პირადადაც, წერილობით  გადასცა საკითხების პაკეტი, იმ პრობლემათა დიდი ჩამონათვალით, რომელიც აწუხებს არა მხოლოდ მისი სოფლის, არამედ კონფლიქტის მიმდებარე სხვა სოფლების მოსახლეობას, განსაკუთრებით - ქალებს.

საკითხებზე ინფორმაციას მას აძლევს იმ აქტივობებში მონაწილეობა, რომლებიც ხორციელდება პროექტის „ქალთა მონაწილეობა ნდობის აღდგენასა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში“  ფარგლებში, კერძოდ ქალთა საჭიროებების კვლევები, უშუალო ურთიერთობა ქალთა სხვადასხვა ჯგუფთან, ნდობის დიდი მანდატი, რომლითაც სარგებლობს ამ თემებში.

მის მიერ ჩამოთვლილ პრობლემურ საკითხთა ნუსხაში მოხვდა სოფლის ამბულატორიების გაუმართაობის საკითხი, როდესაც პაციენტების მომსახურება არასათანადო პირობებში უწევთ ექიმებსა და ექთნებს (ხურჩაში ჯერაც არ არის გახსნილი ერთი წლის წინ აშენებული ამბულატორია); სკოლამდელი განათლების სერვისში არსებული ხარვეზები რამდენიმე თემში; დე ფაქტო საზღვარზე  გადადგილების კუთხით ჯერაც არსებული შეზღუდვები, რომელიც ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ მოქალაქეებს;   მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას არსებული შეზღუდვები ტვირთის გადატანაზე, რომელიც პანდემიის პირობებში პირველადი პროდუქტების მომარაგების საშუალებას უზღუდავს მოქალაქეებს  და მისი აღნიშვნით, შლის კავშირებს სოფლის მცხოვრებლებსა და აგრარულ ბაზარს შორის.

ყველაზე მთავარი ისაა - ქალთა ჯგუფებს კონფლიქტის მიმდებარე თემებში ნონას და სხვა თემის აქტივისტი ქალების სახით ჰყავთ ასეთი ძლიერი დასაყრდენი ძალა, რომელთა ყურადღების არეალში  ხვდება ვიღაცისთვის თითქოს უმნიშვნელო თემაც - მაგალითად, სოფლებში საყოფაცხოვრებო ობიექტების დეფიციტი, როცა ქალებს, ელემენტარულად, სილამაზის სალონით სარგებლობის საშუალებაც არ აქვთ და, მეორე მხრივ -  მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობაც, როდესაც რეაგირების გარეშე რჩება კბილებამდე შეიარაღებული რუსი „მესაზღვრეების“ შუა სოფელში (საუბარია ხურჩაზე) გამოჩენის ფაქტები. ადამიანებს აქვთ სხვადასხვა საჭიროება, რომელთა საპასუხოდ სხვადასხვა დონის რეაგირების აუცილებლობა არსებობს და სჭირდება ადვოკატირების ის უნარები, რომელთაც ნონა და მისი თანაგუნდელები კარგად ფლობენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ამ გვერდზე:

https://www.facebook.com/unwomengeorgia/posts/1187964251650939

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები