ახალი ცხოვრების დასაწყისი

გაიარა ყველა ის ეტაპი, რაც ოჯახურ ძალადობას ახლავს. გაიარა ყველა იმ განცდით, რომელიც დასაწყისში პროტესტის გრძნობას აღძრავს, შემდეგ - დანაშაულს და საბოლოოდ ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

დეტალებს არ ყვება. ამბობს, რომ ამბის მოყოლაც ამძიმებს და ტკივილს უახლებს. თუმცა ყველაფერი ახსოვს. უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ იმ პერიოდში მის ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით იყო უიმედობა და სასოწარკვეთა, რადგან იცოდა, რომ ორი პატარა შვილით კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, ყველასთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. ამ ტვირთმა განსაკუთრებით დაამძიმა. ვერავის დაეყრდნო...

ეს სალომეა (სახელი პირობითია) ქობულეთიდან. მისი ისტორია ძალიან ნაცნობია. თითქოს სადღაც წაგვიკითხავს, ან ვიღაცისგან მოგვისმენია. ეს ისტორია გზავნილია, კიდევ ერთი გზავნილი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადამიანებისგან ითხოვენ მხარდაჭერას და ხშირად ვერ იღებენ...

სალომემ შეძლო ცვლილება - ცხოვრების ყველაზე მძიმე ისტორიის ფურცლები საბოლოოდ ჩაკეცა და ახალი ცხოვრება დაიწყო:

„როცა ყველაზე ბნელი დღეები უკან მოვიტოვე და გადავწყვიტე, ახალი ცხოვრება დამეწყო, ძალიან გამიჭირდა. ვერა და ვერ დავდექი ფეხზე მყარად... ჩემს ცხოვრებაში მალე გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი ნათია კიკვაძე, როგორც შემდეგ გავიგე - ფონდი „სოხუმიდან.“ როცა ვისაუბრეთ, მის მიმართ ნდობა გამიჩნდა. მისგან გამოწვდილი დახმარების ხელი შევნიშნე. ამ ხელს გავყევი. ვიცოდი, დამეხმარებოდა. კრიტიკულ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული - ადამიანის ნდობაა, უნდა იგრძნო, რომ შენიანია და შენი დამხმარეა.“

სალომე არც შემცდარა, სწორად გაყვა მისკენ გამოწვდილ ხელს და მისი ცხოვრების ისტორიაში იმედის ფურცლები ჩაინიშნა.

ნათია კიკვაძე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორია ქობულეთში. ის კარგად იცნობს რეგიონის სპეციფიკას, იცის ის მენტალური ბარიერები, რომლებიც ქალებს განსაკუთრებით ზღუდავს. სალომესთან შეხვედრისას მაშინვე იგრძნო, რომ მის წინაშე გაუბედავი ქალი იდგა. რეაგირებაც მაშინვე დაიწყო. შინაგანი ფსიქოლოგიური ბარიერების მოსახსნელად სალომემ შვილებთან ერთად გაიარა ფსიქოლოგიური სეანსები, მოეხსნა შიში, ფორიაქი. შემდეგი ნაბიჯი თავშესაფარზე ზრუნვა იყო - ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ სალომე დედასთან ცხოვრობდა.

ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორმა პროცესში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ჩართო. საბჭომ ლობირება საკუთარ თავზე აიღო. დაიწყო შეხვედრები მერიის სოციალურ სამსახურთან, ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან. შეიქმნა კომისია, რომელმაც ქეისი გააანალიზა.

შედეგი ასეთია: გაჩნდა პირველი შემთხვევა, როცა ქობულეთის მერიამ ადგილობრივი პროგრამებით დახმარება გაუწია ძალადობაგამოვლილ ქალს. სალომეს შვილებთან ერთად შეუძლია ბინა იქირაოს და თანხას მერია დაუფინანსებს.  

სალომემ ცხოვრების ახალი გზა იპოვა, განსხვავებული, იმედისმომცემი. ამბობს, რომ მთავარი ფეხზე დადგომაა, რომელსაც ძალადობაგამოვლილი ქალი მარტო ვერასოდეს შეძლებს. წამოდგომაში ვიღაც უნდა შეეშველოს. ასეთი მხარდამჭერი მისთვის ფონდი „სოხუმი“ აღმოჩნდა...

ფოტოზე: ნათია კიკვიძე - ერთ-ერთ შეხვედრაზე

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები