მარინა სტეპანენკო: უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრების რეგულარობა მათ სტაბილურობის განცდას აძლევს. იციან, რომ არის ადგილი, სადაც მათი მისვლა უხარიათ, სადაც მოუსმენენ, დაეხმარებიან. არიან ქალები, რომლებიც მუდმივად ესწრებიან ინდივიდუალურ შეხვედრებს და ეს ხელს უწყობს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. საუბარი ყოველთვის სხვადასხვა თემაზეა. განცდები, რა თქმა უნდა, სახლს უკავშირდება, იქიდან მოსულ ამბებს, ახალ ადგილზე ადაპტაციას, ოჯახში ურთიერთობებს... და ყველაფერი უფრო ადვილდება, როცა მხარდაჭერას გრძნობენ.
ანია შალიმოვა: მე სულ ახლახან შევუდექი საქმეს. კარგია, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. შევხვდი ქალებს და ვუთხარი, რომ გვექნებოდა ფსიქოლოგიური სეანსები, გაუხარდათ. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ - აქ ცხოვრება, ადაპტირება, ბავშვებზე ზრუნვა, ფიქრი უკრაინაში დარჩენილებზე, ყველა ინფორმაციის შიშით მოსმენა... დახმარება ბავშვებისთვისაც საჭიროა. მათ გონებაში დალექილია შიშები: თვითმფრინავის, სატვირთო მანქანების, ხმაურის... მართალია, მშობლებიც ცდილობენ, იმუშაონ თავიანთ შვილებთან, მაგრამ ფსიქოლოგის ჩარევას მეტი ეფექტი აქვს.
რასაც სამივე ფსიქოლოგი ერთნაირად ამბობს, ეს არის შეგრძნებები, რომლებიც ყველა მათ ბენეფიციარს აქვს: გულის, სულის ერთი ნახევარი იქაა, უკრაინაში, მშობლებთან, ქმრებთან, ძმებთან, მეორე ნაწილი - აქ... კეთილი ადამიანების და ფსიქოლოგების დახმარებით ხდება ტკივილის, ბრაზის, სიმძიმის, სტრესის, შფოთვის შემსუბუქება...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)