მე ვხვდებოდი, რომ მქონდა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ იმის გამო, როგორ გაიგებენ ბავშვები ჩემს ახსნილ მასალას, არამედ სხვა დანარჩენზეც, რაც მათ ირგვლივ ხდება. და სულ უფრო ვგრძნობდი, რა ბევრია „წითელი სიგნალი“. ეს არის ურთიერთობის კულტურა ოჯახში, ფსიქოლოგიური კლიმატი სკოლაში, ქუჩაში, აგრესიის დონე, ცხოვრების ხარისხი ზოგადად.
რაღაც დროის შემდეგ ფონდი „სოხუმიდან“ წინადადება წამოვიდა: ტყიბულში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის გახსნა გადაწყვიტეს - მეც დავთანხმდი მობილიზატორობას, რომ ადგილზე გამეწია მუშაობის ორგანიზება.
ახლა, როცა სხვა ცენტრების ბევრად უფრო გამოცდილ მობილიზატორებს ვხვდები და ვუსმენ მათ, ვგრძნობ, რომ მათ ადვოკატირების უფრო ფართო მასშტაბები აქვთ, მეტი გავლენა და სერიოზული შედეგები. მე ჩამოვრჩები ამ კუთხით, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ძლიერი მხარეები: შემიძლია საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან, პედაგოგებთან. მე მაქვს ტრიბუნა და მყავს სამიზნე ჯგუფი, რომელიც მენდობა და ყურადღებით მისმენს, როცა დიალოგს ვმართავ სხვადასხვა საკითხზე: ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, მისი სოციალური შედეგები, ბულინგის საფრთხე, პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, სამოქალაქო ფასეულობები.
თანდათან „გამოვდივარ“ წრიდან, რომელშიც ვიმყოფებოდი. მაქვს ურთიერთობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უკვე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ვარ.
კარგი პედაგოგობა კარგ მოქალაქეობას ნიშნავს - და მე ვემადლიერები ქალთა ფონდ „სოხუმს“, რომელიც სამოქალაქო კაპიტალის გაფართოებაში დამეხმარა.
მე შემიძლია სასარგებლო ვიყო არა მარტო ჩემი მოსწავლეებისთვის, არამედ ბევრი მოწყვლადი ქალისთვის, რომელიც იმედით უყურებს ჩვენს ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ რომელიმე ძალადობის მსხვერპლ ქალს ტელეფონი მივეცით, ან მეორემ ორიოდე კვირა დაჰყო ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. არამედ მათი შეგრძნებები, რომ მათზე ზრუნავენ, მათ აქვთ სრული უფლება, დატკბნენ ცხოვრებით...
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებს, რომლებიც ტყიბულში ჩამოდიან და ატარებენ შეხვედრებს, კონსულტაციებს, ბევრს მუშაობენ ქალებთან, ახალგაზრდებთან. ისინი ახალ პერსპექტივებს მიჩვენებენ და ეს ადამიანები ჩემში გულწრფელ აღტაცებას იწვევენ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)