ცენტრში ახალ ჯგუფს ელოდებიან

მარი ბედნიერი წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. არასოდეს დაავიწყდება ფსიქოლოგის გაკვეთილები, ბავშვების გართობა პედაგოგთან ერთად, სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევები. და, რა თქმა უნდა, ურთიერთობა სხვა ქალებთან... ზღვა სიყვარული და სითბო მიმაქვსო, თქვა წასვლის წინ.  

ლიკაც კმაყოფილია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობით. ყველა, ვინც აქ ხვდება, სხვანაირი მიდის აქედან - უფრო ძლიერი, უფრო იმედიანი და ხალისიანი. ჰყავს ახალი მეგობრები, მხარდამჭერები...

ყველაზე მეტ დროს ქალებთან ია იაშვილი ატარებს, სარეაბილიტაციო ცენტრის ასისტენტი, ამ მყუდრო სახლის მთავარი დიასახლისი. საინტერესოა მისი დაკვირვებები:

„ყველაზე მეტად არაჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებით შვილები ზარალდებიან. ზოგს მამა საერთოდ არ ჰყავს, ან ჰყავს და მასთან უჭირს ურთიერთობა, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთის არ ესმით. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ ბავშვი არ ჭამს, იმიტომ კი არა, რომ არ შია, არამედ არაფერი უნდა, სურვილები არ აქვს, სიხარული არ აქვს, არ ოცნებობს“.

„აქ ბევრ საინტერესო ქალს ვხვდები. ეს ქალები ძლიერები არიან, ერთმანეთს არ გვანან, ტკივილებითაც განსხვავდებიან... მოდიან ახალგაზრდა დედები ან ბებიები შვილიშვილებთან ერთად. ზოგიერთი მათგანი მაკვირვებს პოზიტიური აზროვნებით. ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა მათი კონკრეტული საჭიროებებისკენ მივმართოთ.“

„ცენტრში მოსულ ქალებს ყოველთვის ვთავაზობ ბაგრატის ტაძრის ეზოში გასეირნებას. მიყვარს მათი აღფრთოვანებული სახეების ყურება. წინასააღდგომო დღეებში ბაიებით გადაჭედილი ეზო შეუდარებლად ლამაზი იყო. მერე ახმაურებულ ქალაქს გადავხედეთ, მზეში აკაშკაშებულს. როგორი ქალაქია ქუთაისი, ვკითხე პატარას, რომელიც სხვა ქალაქიდან გვესტუმრა. გოგონამ მიპასუხა: კაილამაზი! ეს ახალი სიტყვა ამ ქალაქის შინაგან სამყაროს, მის სიკარგეს, მის ზნეკეთილობასაც ასახავს და გარეგნულ მშვენიერებასაც უსვამს ხაზს. ხანდახან სარეაბილიტაციო ცენტრში ისეთი შემოქმედებითი ატმოსფეროა, ყველას გვავიწყდება, რის გამოც ერთად ვართ...“

ახლა სარეაბილიტაციო ცენტრში ახალ ნაკადს ელოდებიან. ქალებთან და ბავშვებთან შესახვედრად, მათთან სამუშაოდ ემზადება მთელი ჯგუფი. ყველაზე მთავარი ზრუნვაა, უნდა აგრძნობინონ თითოეულ მათგანს, რომ მარტონი არ არიან. მათ სჭირდებათ რწმენის განმტკიცება, რომ ნებისმიერ დროს და ვითარებაში შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყო და იარო წინ!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები