ქალების წარმატებები - ფსიქოლოგის მუშაობის სტიმული

„მინდა მოგიყვეთ არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ. მან მე ცხოვრების სხვა მხარე დამანახა - ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო! ქალბატონო მანანა, თქვენ ჩემი უახლოესი მეგობარი გახდით. ძალიან მენატრება თქვენთან საუბრები, მადლობა  თქვენთან გატარებული ყოველი დღისთვის!“ - ეკა ჯ.

ამ წერილის ადრესატია ჩვენი ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე, რომელიც ბევრს მუშაობს ქალებთან. პირისპირ შეხვედრების დროს. ინტერნეტით. მუშაობს 10 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისში, სარეაბილიტაციო ცენტრში. და მადლიერებაც ხშირად ისმის მისი მისამართით.

ქალების შეცვლილი ცხოვრება ფსიქოლოგისთვის მუშაობის დიდი სტიმულია.

- ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ჯგუფურ შეხვედრაზე შევხვდი ქალს, რომელმაც ორკვირიანი კურსი გაიარა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, - ამბობს მანანა გოცირიძე. - ის ახლა ბევრად უკეთესადაა ფინანსურადაც და ემოციურადაც. ცენტრში მოსვლისას მოწყენილი იყო, რცხვენოდა თავის პრობლემებზე ლაპარაკი. განსაკუთრებით ადარდებდა აგრესია ერთ-ერთი შვილის მხრიდან. ამ შეხვედრაზე კი სიამოვნებით ლაპარაკობდა თავის წარმატებაზე. მან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა თავისი განცდები. ის, რომ მუშაობა დაიწყო და კარგადაა. ის, რომ შვილს, რომელიც ადანაშაულებდა, ახლა განსაკუთრებით უყვარს. ამ სიკეთეში ქალთა ფონდ „სოხუმს“ ემადლიერებოდა და უკვე სხვებს სთავაზობდა დახმარებას.

დახმარება კი ნამდვილად სჭირდება ბევრ ქალს, რომელიც მოუთმენლად ელოდება ფსიქოლოგთან შეხვედრას, რადგან იცის, შეძლებს ემოციების მართვას, ისწავლის „დამიწების“ ტექნიკას. ფსიქოლოგი გაიგებს მის ტკივილს და ერთად მოაგვარებენ პრობლემებს. ისე, როგორც არაერთი პრობლემა მოგვარებულა...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები