ფონდი „სოხუმის“ მცირე პროექტი „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი) მშვიდობის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა-კონკურსით დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა სკოლის თითქმის ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო. ზოგიერთმა მათგანმა რამდენიმე ნახატი მოამზადა.
მონაწილეები დაყოფილი იყო სამ კატეგორიად: პირველი-მესამე, მეოთხე-მეშვიდე, მერვე-მეთერთმეტე კლასები. სამივე ჯგუფიდან 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პროექტის იმ მონაწილეებსაც, რომლებმაც ჩაატარეს გაკვეთილები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში დეკემბერში გაიმართა ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლესთან და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორთან. ასევე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფიდან და იურიდიული ბიუროების მუშაობის შესწავლა ოჯახში ძალადობის საკითხში ჩართულობის კუთხით. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ამ კუთხით საჭიროებს დახვეწას.
პროკურატურისა და იურიდიული ბიუროების წარმომადგენლებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ფონდ „სოხუმთან“ ერთად წარიმართოს მუშაობა ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.
10-12 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეათე ყოველწლიურ ასამბლეაში „დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა“. ფონდი „სოხუმი“ ფორუმის დელეგატია. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში და სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თბილისში.
ყოველწლიურ ასამბლეაზე შედგა მსჯელობა პოლiტიკურ სიტუაციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირში. რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლიათ მდგრადი დემოკრატიული განვითარებისთვის და იმაზე, როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ურთიერთობა მოქალაქეებთან ავტორიტარული რეაქციის საწინააღმდეგოდ ევროპული კონტინენტის ზოგიერთ ნაწილში.
ასამბლეის მონაწილეებმა ხმა მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქცევის ახალ კოდექსს და აირჩიეს საარბიტრაჟო ორგანო.
დასრულდა საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც ფონდი სოხუმი ყოველწლიურად აქტიურად ერთვება. წელს კამპანია გაიმართა მოწოდებით „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“.
კამპანიის ფარგლებში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა 100 ზე მეტი ღონისძიება 1500 მეტი ადამიანის ჩართულობით დასავლეთ საქართველოს 9 მუნიპალიტეტში. კამპანია დაიწყო ფეისბუქაქციით. შემდეგ კი იყო საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, სპორტული ტურნირები, ტრენინგები მედიცინის მუშაკებისთვის. წარმოდგენები გამართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ფურცლები, ფსიქოლოგის რჩევები ქალებს.
ყველა აქტივობა განთავსებულია ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე.
https://www.facebook.com/fsokhumi/
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში თემაზე: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - რეფერალური მექანიზმის მუშაობა: გამოწვევები, პრობლემები, დაძლევის გზები“.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები, საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგები, მეთოდისტები, ფსიქოლოგი, აქტივისტი ქალბატონები.
მონაწილეებმა ისაუბრეს რეფერირების სისტემაზე, არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების მოგვარების რეალურ გზებზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლზე, ადგილობრივ პროგრამებზე ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარების კუთხით.
დასრულდა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტი ,,ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4 ტრენინგი, მომზადდა და გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.
3 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის აქტივობებსა და შედეგებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ სიტუაციური ანალიზის გამოცემაა.
პროექტი ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის პრევენციას, შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მართვის საკითხებში თვითმმართველობის ჩართვას და მისთვის კანონით განპირობებული უფლებამოსილების განხორციელებას.
შეხვედრის დასასრულს მომავალ თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება და მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო კამპანიას ,,16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
ნოემბერში გაიმართა ფოკუს-ჯგუფები სენაკის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, სკოლის პედაგოგებთან, ჩაღრმავებული ინტერვიუები მანდატურის სამსახურის წარმომადგენელთან და ფსიქოლოგთან.
შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ პედაგოგები მანდატურის ინსტიტუტს დიდ როლს ანიჭებენ და ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებენ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის პროცესში.
შეხვედრები ჩატარდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მონიტორინგის ფარგლებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი) ბოლო თვეების განმავლობაში 10 გაკვეთილი ჩატარდა სახელმძღვანელოს „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლაში“ მიხედვით.
ეს იყო ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“, რომელიც განხორციელდა სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები განვითარებისთვის“ თანამშრომლობით.
12 ნოემბერს სკოლაში ფინალური ღონისძიება გაიმართა, სკოლასა და ფონდ „სოხუმს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. სკოლას გადაეცა 5 ცალი სახელმძღვანელო, პროექტის მონაწილეებს კი - სერტიფიკატები, საჩუქრები.
ამ მოსწავლეების ბაზაზე სკოლაში შეიქმნა „მშვიდობის კლუბი.“ კლუბის წევრები თავად ჩაატარებენ გაკვეთილებს სკოლის მოსწავლეებთან კონფლიქტების მართვის და მშვიდობის თემაზე.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)
ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ოფისში შედგა მორიგი შეხვედრა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ წევრებისა: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, იმერეთი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ (ქუთაისი, იმერეთი), მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი, იმერეთი), ქალთა კლუბი (ხონი, იმერეთი), ქალთა მოძრაობა „იმედი“ (ზუგდიდი, სამეგრელო), ასოცოაცია „მერკური“ (ზუგდიდი, სამეგრელო), განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ (ხობი, სამეგრელო), ქალთა სამოქალაქო გაერთიანება (ოზურგეთი, გურია), განვითარებისა და თანასწორობის ცენტრი (ოზურგეთი, გურია), ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ბათუმი, აჭარა).
კოალიციის მთავარი მიზანია მშვიდობის კულტურის პროპაგანდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები გეგმური აქტივობების, ფინანსური და ნარატიული ანგარიშების წარდგენის კუთხით. ყოველი ორგანიზაციისთვის შემუშავდა საზოგადოებასთან შეხვედრების ჩატარების კონკრეტული თემატიკა, სხვა საკითხები.
მიღებულია გადაწყვეტილება: კოალიციის ცნობადობის გაზრდისთვის შემუშავდეს სპეციალური ლოგო; ფეისბუქზე შეიქმნას „დახურული ჯგუფი“, აქტიურად განთავსდეს საინფორმაციო მასალები კოალიციის მუშაობაზე.
კოალიციის წევრების წინადადებების თანახმად, დამატებები იქნა შეტანილი კოალიცია „ქალი და მშვიდობის“ დებულებაში. განისაზღვრა კოალიციის წევრების მიერ თავიანთ თემებში საზოგადოებასთან საპროექტო შეხვედრების ჩატარების კონკრეტული თემები და თარიღები.
15 ნოემბერს სოფელ ლიაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლების - ლიას, ჩხოუშის, ფახულანის სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები, აგრეთვე აქტივისტი ქალები.ფონდი ,,სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საზღვრისპირა სოფლებთან დაკავშირებული პრობლემების და მათი მოგვარების გზების გამოვლენა, რათა მოხდეს მათი ჩართვა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმასა და მუნიციპალურ პროგრამებში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროსრეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი„სოხუმი“ (ქუთაისი).