ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდ „სოხუმში“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის ჩატარებული ვორკშოპი თემაზე „კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაცია და შემდგომი ინტერვენცია“. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი. მობილიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ კრიზისული ოჯახების იდენტიფიკაცია, როგორ დაძლიონ შესაძლო სირთულეები, როგორ მოიქცნენ, თუ ქალი ან ბავშვი ძალადობის მსხვერპლია? მობილიზატორებისათვის სპეციალურად მომზადდა გზამკვლევი და რჩევები.




კონფლიქტოლოგიაში ჩატარებული ვორკშოპები ქალთა უფლებებზე საუბრით დაიწყო. მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს, რამდენად არის ქალის უფლებები დაცული საქართველოში და ქართული სტერეოტიპები, მენტალიტეტი რა გავლენას ახდენს ოჯახურ კონფლიქტებზე.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სოფელ გოჩა ჯიხაიშში (ხონის რაიონი) ჩატარებული ვორკშოპი, მონაწილეებმა ღიად და გულწრფელად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, როგორც გაირკვა, ამ თემაზე სასაუბროდ პირველად შეიკრიბნენ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები სოფლებს ნაკლებად სტუმრობენ. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ოჯახური კონფლიქტები ქალის უფლებების დარღვევით იწყება და სწორედ ინფორმირებით, დისკუსიებით უნდა მოხდეს იმ მავნე სტერეოტიპების მსხვრევა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für dieWelt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ააიპ ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „გენდერი და გენდერული მიდგომა სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდისა და განათლების სფეროში“.
ვორკშოპს ესწრებოდა 33 ადამიანი - 16 საბავშვო ბაღის მენეჯერები და პედაგოგები. განხილულ იქნა შემდეგი თემები: გენდერი, გენდერული მიდგომა, გენდერული მიდგომის მაჩვენებლები, გენდერული მოდელები ბაღებსა და სკოლებში. მუშაობა წარიმართა სხვადასხვა მეთოდით, აქტიური დისკუსიით.


საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში ქალების ჯგუფთან სენაკში, წყალტუბოში და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია განსახილველმა თემამ: „ქალთა მიგრაცია, ოჯახური კონფლიქტების მიზეზი თუ მართვის მექანიზმი“.
დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მიგრაციის საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ბევრ ოჯახს ეხება. ხშირად ოჯახური კონფლიქტების მიზეზი მცირე შემოსავალია და ქალები სამუშაოს საზღვარგარეთ ეძებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოგზავნილ ფულს ქმრები სასმელში ფლანგავენ და ახალი კონფლიქტები იქმნება. თითქოს შეკრული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. მონაწილეების აზრით, სახელმწიფო პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ დასაქმების კუთხით, რათა ამ პრობლემის პრევენცია მოხდეს.


ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ვორკშოპი, რომელსაც აქტივისტი ქალები ესწრებოდნენ. მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური უსაფრთხოების კონცეფციას. იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საფრთხეს უქმნის. ჩამონათვალში გლობალურთან ერთად ისეთი პრობლემებიც მოხვდა, რომელთა გადაჭრა ადგილობრივად შესაძლებელია.
მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც პრობლემათა ადვოკატირების მიზნით იგეგემება.