სენაკის თვითდახმარების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „სოციალური სახლი თემის საჭიროებისთვის“ მალე ამუშავდება.
საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი წვრილი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები, ბაღის იარაღები, რომლებიც ჯგუფის წევრებმა ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს, უკვე ადგილზეა.
მაღალი წნევის კერხერის სარეცხი აპარატი მთლიანად შეცვლის ხალიჩების, მანქანების და სხვა მოცულობითი ნივთების ხელით რეცხვის პროცესს, გააადვილებს ქალების, კაცების შრომას და გაზრდის თემის სარგებელს.
ბაღის, ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო ხელსაწყოები დაეხმარება თემის წევრებს იმ საერთო პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დასახლებაში წლების განმავლობაში არსებობდა.
„სოციალური სახლის“ სერვისით ისარგებლებს დევნილთა მთელი თემი: ქალები, კაცები, ახალგაზრდები.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებს სამომავლოდ ახალი იდეები აქვთ, რაც „სოციალური სახლის“ ფუნქციის გაფართოებას უკავშირდება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი სკვერის განახლება და სკვერების აღჭურვა ძელსკამებით და ნაგვის ურნებით - ფინიშს უახლოვდება ეს ორი ინიციატივა, რომელსაც ხონის ქალთა თვითდახმარების ჯგუფი „თემის ძალა“ ახორციელებს დევნილთა დასახლებაში.
სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში მოთხოვნილი თანხა სრულად ათვისებულია, ინვენტარი შეძენილია და თემის მოსახლეობა სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდება.
ატრაქციონები, ძელსკამები, ნაგვის ურნები, ბალახის საკრეჭი აპარატი - ამ ყველაფრის და მათ მოსაწყობად საჭირო მასალის შეძენა ნიშნავს კომფორტულ ღია სივრცეებს, მოწესრიგებულ გარემოს.
ინიციატივების განხორციელების შედეგად გაიზრდება თემში მცხოვრები ადამიანების ჩართულობა და პასუხისმგებლობა საკუთარი დასახლების მიმართ.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ფოთის თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობის პროცესში გამოიკვეთა დევნილთა დასახლების კრიტიკული საჭიროებები. ქალთა ინიციატივამ ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, სარდაფებში ჩამდგარი წყლის პრობლემა არ შეაწუხებს მოსახლეობას - ხუთი კორპუსისთვის შეძენილია ტუმბოები.
გარდა ამისა, დაწყებულია შიდა სამღებრო სამუშაოები, სადარბაზოების კოსმეტიკური მოწესრიგება, რაც საცხოვრებელ გარემოს ბევრად უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის. თვის ბოლომდე ყველა საჭირო მასალა მიეწოდება დასახლებას და სამუშაოებიც ეტაპობრივად დასრულდება.
ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. დევნილები თავად გაალამაზებენ და შეცვლიან არსებულ მდგომარეობას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია თემის გაერთიანებასა და სამოქალაქო აქტიურობას რეალური ცვლილებების მიღწევა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
დასრულდა საშობაო-საახალწლო არდადეგები, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა და ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფებიც ამუშავდნენ...
დაიწყო სატრენინგო კურსი 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში. უკვე ჩატარდა ტრენინგები ექვსი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში - გეგმის მიხედვით, შეფერხების გარეშე.
შეხვედრების მონაწილეები ინტერესით უსმენენ ტრენერებს, ერთვებიან დისკუსიებში და მსჯელობენ მნიშვნელოვან თემებზე.
ყველგან გამოიკვეთა ახალგაზრდა ლიდერები რომლებიც ემზადებიან შემაჯამებელი შეხვედრების ჩატარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მშობლების და შვილების ურთიერთობა, ნარკომანია, მიგრაცია - ეს და სხვა აქტუალური თემები წარმოადგინა ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.
თანატოლების წინაშე გამოსვლა განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნოა ახალგაზრდა მსახიობებისთვის. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სცენაში, თავისებურად „შეცვალა“ სიტუაციის მიმდინარეობა და თავისი აზრი გამოხატა დისკუსიის დროსაც.
ასე დაიწყო ახალი სამუშაო წელი ჩვენმა ფორუმ-თეატრმა. დაიგეგმა თებერვალში ჩვენებები რაოდენობრივად უფრო დიდ აუდიტორიასთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის სათემო ცენტრში მანიკურის კურსდამთავრებულებმა მოაწყვეს მასტერკლასი ქალებისთვის. ეს იყო აქტივობა სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სენაკის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა ნოემბერ-იანვარში.
მასტერკლასის მონაწილე: სპეციალისტთან ამ პროცედურის ჩატარების პირველი პრაქტიკა იყო ჩემთვის. ძალიან კარგი ინიციატივაა, არა მარტო დავინახეთ, რა ისწავლეს ჩვენმა გოგოებმა, არამედ ჩვენც გავიხალისეთ ეს დღე.
ერთ-ერთი კურსდამთავრებული: საუკეთესო შესაძლებლობაა ჩემთვის და როგორც დამწყებ სპეციალისტს ძალიან მახარებს, რომ ქალებმა დაინახეს, რა შემიძლია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდობის გაძლიერების ყველა ცენტრში, ყოველ სატრენინგო კურსზე ვლინდება ლიდერები, რომლებიც აქტიურ მონაწილეებთან ერთად თანატოლებში აზიარებენ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, ავრცელებენ ინფორმაციას კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის საკითხებზე.
ახლანდელი სატრენინგო კურსის მონაწილეებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და ატარებენ ინიცირებულ ღონისძიებებს. მათ გარკვეულ დახმარებას უწევენ პედაგოგები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი მუშაობა კარგი ეფექტის მომტანია მოზარდებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში ზუგდიდის, წყალტუბოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მიგრაციის თემაზე.
მონაწილეებს - ქალებს და ახალგაზრდებს - მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შესახებ და დაურიგდათ გზამკვლევი: იცოდე და დაიცავი შენი თავი!
გზამკვლევის მიზანია ქალებს, თემის ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გააცნოს, რა სახის სერვისებია ხელმისაწვდომი და სად შეუძლიათ დახმარების მიღება. მათ ასევე მიიღეს ბროშურა, როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებ, როდესაც მშობელი საზღვარგარეთ მიდის,
შეხვედრებზე გაიმართა დისკუსიები მიგრაციის და ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს წელიც აქტიურად დაიწყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მობილიზატორები და პარასპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა თემში, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმირებული ქალი გვყავდეს საზოგადოებაში. მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაცნობა ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას და ოჯახური ძალადობის პრევენციას.
საზოგადოების ინფორმირება მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რის საფუძველზეც ხდება ქეისების იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება.
შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები. გამოჩნდნენ კონკრეტული ბენეფიციარები, რომლებიც მზად არიან არსებული სერვისების მისაღებად. ქეისების ანალიზის შედეგად მოხდება მათი გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
შეხვედრები ჩატარდა ვანის, წყალტუბოს ხონის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვრის ცივი დღეებია, სარებილიტაციო ცენტრში კი თბილა. ბუხრის ცეცხლი კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს აძლევს აქაურობას.
იამზე გუმბერიძე ერთ-ერთ სტუმარს იურიდიულ კონსულტაციას უტარებს. ლელა უზარაშვილი ბავშვებს ართობს.
ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე თვის ემოციებს გვიზიარებს: „გვინდოდა სტუმრებისთვის შეგვექმნა სადღესასწაულო გარემო ძველით ახალ წელს, რაც ძალიან კარგად გამოგვივიდა. იყო მხიარულება, მუსიკა, თერაპია და ერთმანეთისთვის კეთილი სურვილების გაზიარება. განსაკუთრებით გამხიარულდა ოთხი წლის ლუკა... სარეაბილიტაციო ცენტრში მოსულებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური მხარდაჭერა. მათ ოჯახებს აქვთ რთული მატერიალური მდგომარეობა, ჩვენი მუშაობა მიმართულია ბენეფიციარების ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მათი ემოციური სტაბილურობის აღდგენისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. პროცესში გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითვალისწინებს თითოეულის საჭიროებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
