ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში
ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ პარასპეციალისტები და სათემო ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომის გამოყენებაში და ძალადობის დინამიკის უფრო სიღრმისეული გააზრება.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ძალადობის სოციალური საფუძვლები, გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენა, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ციკლი და სპირალი, ასევე ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ ქეისებს, ჯგუფურ მუშაობას და ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება ქალის რეაქციებისა და ქცევის სწორად დანახვა ტრავმის კონტექსტში და როგორ უნდა შეიქმნას უსაფრთხო, არამსჯელობითი სივრცე მხარდაჭერის პროცესში.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობა იწყება გაგებით, სენსიტიური კომუნიკაციითა და იმ გამოცდილების დანახვით, რომელიც ქალის გადაწყვეტილებებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
