სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობაში საინტერესო სიახლეებია, ჯგუფის წევრები ახალი პროექტით  ახალგაზრდებთან ინტერაქციას შეეცდებიან. პროექტი სხვადასხვა აქტივობით არის დატვირთული. ახალგაზრდები საკუთარი გზავნილით საზოგადოებას თავიანთ ინტერესებზე მოუყვებიან.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი „სამხედრო დასახლებაში“ ყველაზე აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას შეეცდება - პრობლემა გზაჯვარედინზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებაა. მის ადვოკატირებას ჯგუფის წევრები თვითმმართველობასთან ერთად ცენტრალურ დონეზე შეეცდებიან.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სენაკში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ  ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციაზე, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე. აქცენტი გაკეთდა  ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი სენაკში ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემათა პრიორიტეტულობაზე და საბოლოოდ აქტუალურ პრობლემაზე შეჩერდნენ. პრობლემის შინაარსიდან გამომდინარე, ჯგუფის წევრები პრობლემის ადვოკატირებას შეეცდებიან როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.

სამუშაო პროცესშია ჩართული სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც, მონაწილეები საგრანტო პროექტზე მუშაობენ. პროექტების სამუშაო ვერსიებში თითოეული პუნქტი ერთობლივად განიხილეს და დეტალები დააზუსტეს. სამუშაო პროცესი პროექტის წარდგენამდე გაგრძელდება. 

სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. ახალგაზრდებმა სამოქალაქო აქტივიზმზე იმსჯელეს. მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივები, იდეები და მათი რეალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას. 

ქალთა საინიციატივო ჯგუფში მოისმინეს სენაკში ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების“ შედეგები. ჯგუფის წევრები გაეცნენ, ადამიანური უსაფრთხოების რომელ კომპონენტში რა საფრთხეებს  გრძნობენ ქალები, რომელია მათთვის ყველაზე აქტუალური პრობლემები და რას იწვევს არსებული საფრთხეები. ისინი კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს  და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე.  შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.

რა სირთულეები ახლდა გამოკითხვის პროცესს, რა გამოცდილება მიიღეს და რამდენად კმაყოფილი არიან მიღებული შედეგებით - სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ამ უკუკავშირით მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს:

- არ მქონდა არანაირი გამოცდილება, პირველად ჩავერთე გამოკითხვის პროცესში და მივიღე საოცარი პრაქტიკა, სხვანაირად შევხედე იმ პრობლემებს, რომლებიც ქალებს აწუხებთ.

- სირთულეები ახლავს ფოკუს-ჯგუფის ჩატარებას. ჯგუფის მართვა, ფასილიტაცია არ ყოფილა ადვილი, თუმცა მოვახერხე, რომ ყველა მონაწილე აქტიურად ყოფილიყო ჩართული პროცესში.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მონაწილეებმა შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს, რაც მათ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

- ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით - ამ საკითხებზეა ფოკუსირებული ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა თერჯოლის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის  პრევენცია მათი ინტერესის სფეროა და მზად არიან ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობისთვის. 

- რას ნიშნავს კონფლიქტების ადრეული პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტების მიხედვით, რა სახის საფრთხეებს გრძნობენ  ახალგაზრდები - ამ და სხვა საკითხებზე თემატური სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები საფრთხედ მიიჩნევენ განათლების დაბალ ხარისხს, დასაქმების პრობლემას, ქალთა მიგრაციას, სოციალურ ფონს. მათი მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი საფრთხეს განსახვავებულად აღიქვამს და შესაბამისი უნდა იყოს რეაგირების მექანიზმიც. 

ამ თემას მიეძღვნა მეორე შეხვედრაც - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან: რას მოიაზრებს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება გენდერულ პრიზმაში. ჯგუფის წევრები კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას - გაეცნენ ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას და უნარ-ჩვევებს.

„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ცვლილებებით, ახალი შტრიხებით.

პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა წარიმართება 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.

ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად იქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.

ფონდ „სოხუმს“ ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილებზე იმუშავებენ ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვისთვის, შეეცდებიან პრობლემების ადვოკატირებას გენდერზე ორიენტირებული სისტემით. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები