შემაჯამებელი შეხვედრებით დაიწყო იანვარი ახალგაზრდულ კლუბებში. სასწავლო ხუთთვიანი კურსი შეაჯამეს 9 მუნიციპალიტეტში: სოფელ ოზურგეთის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში, სამტრედიის კერძო სკოლაში, ქუთაისის 33-ე და ფოთის 21-ე საჯარო სკოლებში, სოფელ ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), სოფელ ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ღვანკითის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ამ სკოლებში ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა თემაზე, ბოლოს კი თვით მოსწავლეებმა ჩაატარეს ფინალური საინფორმაციო შეხვედრები.
საინტერესო პრეზენტაციებმა, თემების თავისუფალმა არჩევანმა, დისკუსიებმა წარმოაჩინა ცვლილებები მოზარდებში. ისინი საუბრობდნენ სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დეფიციტზე. იმაზე, რომ ადამიანთა უმეტესობა საკუთარ კეთილდღეობაზეა მოტივირებული. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს კონფლიქტებს, ძალადობას. აღინიშნა, რომ ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე მოზარდები უკეთ იაზრებენ პრობლემებს, ეძებენ გზებს, რომლებითაც შესაძლებელია ძალადობის პრევენცია. გამოიკვეთა მაქსიმალური ჩართულობა, შეხვედრების ჩატარების ინოვაციური მიდგომები.
აქტიური ჯგუფები თავიანთ სკოლებში გააგრძელებენ დამოუკიდებელ საქმიანობას. დირექტორები და პედაგოგები მზად არიან, ყველა ინიციატივას მხარი დაუჭირონ.