ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და ძალადობის პრევენცია - საგანმანათლებლო სფეროს როლი და პრაქტიკა.“ შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორები ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ლეჩხუმის, ცაგერის, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.
მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ კვლევის შედეგები, რის შემდეგაც აუდიტორია დისკუსიის ფორმატზე გადაერთო. მონაწილეებმა საკუთარი პოზიციები გააჟღერეს: როგორ რეაგირებს სკოლა ძალადობის პრობლემაზე, როგორია არსებული პრაქტიკა და გამოცდილება, რა კეთდება უსაფრთხო სკოლის მოდელის შესაქმნელად, გადამზადების კუთხით რამდენად საჭიროა საგანმანათლებლო ტრენინგები. გამომსვლელებმა კოვიდპანდემიით შექმნილ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.
- სკოლა, მშობელი და საზოგადოება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით შეძლებს არსებული გამოწვევების დაძლევას, - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო განწყობა.