სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის 12 სექტემბერს თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
შეთანხმება შედგა შემდეგზე: სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელდეს ერთობლივი პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 ტრენინგის ჩატარება: გენდერული საბჭოს წევრებისთვის, მერიის სამსახურის ხელმძღვანელების და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, სოფლებში მერის წარმომადგენლებისა და თემის მაჟორიტარებისათვის. განსაზღვრულია ტრენინგის თემა: გენდერი, გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც რეფერირების ერთ-ერთი სუბიექტის, როლი.
პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია სენაკის მუნიციპალიტეტის 14 თემში გამოკითხვის ჩატარება ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის და შემდგომში მისი პუბლიკაციის მიზნით.