გრძელდება მუშაობა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
20 მაისს შედგა მეორე საინფორმაციო შეხვედრა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ მცირეა მათთვის გამოყოფილი პენსია (I ჯგუფი - 150 ლარი, II ჯგუფი - 100 ლარი, III ჯგუფი - 70 ლარი). მართალია, ჯანდაცვის პროგრამით ისინი ფინანსდებიან ფსიქოტროპული მედიკამენტებით, მაგრამ ბევრი სხვა წამალიც სჭირდებათ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს სხდომის შესახებ, რომელსაც რამდენიმე მათგანი ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად დაესწრება 27 მაისს.


მაისში 33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილას - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფლებში: ტერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნოსირი (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრები ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომლებიც ადგილობრივი სოციალური ჯგუფების გენდერულ საჭიროებათა კვლევას ატარებენ. კიდევ ერთხელ დაზუსტდა კვლევის გრაფიკი, განისაზღვრა ანგარიშის წარდგენის ვადები. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ისევე, როგორც შარშან, მოხერხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის კუთხით.

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო პრობლემის ადვოკატირების მიზნით საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები.