
ორი ონლაინ ვორკშოპი ჩატარდა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ ფარგლებში. ბავშვებთან ჩატარებულ ვორკშოპზე საუბარი შეეხო ბულინგს, სტერეოტიპებს, რომლებიც იწვევს კონფლიქტს და ხშირად გადაიზრდება ძალადობაში. ითქვა იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ კონფლიქტები და ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე. მეორე ვორკშოპში აქცენტი გაკეთდა მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში, რომ ჰარმონიულად შეიკრას სამკუთხედი: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი. აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს ბავშვს პრობლემების მოგვარებაში და ითანამშრომლოს მასწავლებლებთან. შეხვედრას მშობლებთან ერთად შვილებიც ესწრებოდნენ და ის აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა.


ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირებაზე იყო საუბარი ონლაინ შეხვედრაზე ბაღდათის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა კითხვარი, რომელიც დაინტერესებულმა ჯგუფებმა უნდა შეავსონ. მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის მობილიზებული ჯგუფების ნაკლებობაა, ამიტომ ეს კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია და გააქტიურების სტიმულს მისცემს ინერტულად განწყობილ ჯგუფებს.


სასიხარულო ამბავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს მუნიციპალიტეტების რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც ცხელი ხაზის ეფექტიან მუშაობას წარადგენს.
ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური პროგრამები და გენდერული ბიუჯეტი“. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ორგანიზაციის სამიზნე 12 მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტებში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამები და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ადგილობრივი პოლიტიკა. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და მათი ანალიზის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და ასევე სამხარეო ადმინისტრაციის საყურადღებოდ.


