ურთიერთდახმარების ჯგუფები ათ მუნიციპალიტეტშია შექმნილი. ამ ჯგუფებმა ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას ძალადობისგან დაზარალებულთათვის ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლება.

სწორედ ამ მიზნით დაიწყო ციფრული წიგნიერების კურსები.

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ქრისტი ქუთათელაძემ პირველი შეხვედრები ჩაატარა ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ მუნიციპალური პროგრამების შესახებ. შემდეგ მათ დეტალურად განიხილეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდი - sosfsokhumi.ge.

„გავაცანი, ვებგვერდზე როგორ უნდა მოიძიონ ის ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებიც სთავაზობენ მათთვის საჭირო სერვისებს, - აღნიშნა ქრისტი ქუთათელაძემ. - დეტალურად განვიხილეთ SOS ღილაკი, მისი მნიშვნელობა, ინსტალაცია და გამოყენება. ასევე ვასწავლე, როგორ მოიძიონ გუგლში თავიანთი მუნიციპალიტეტი და ისარგებლონ საჭირო სერვისებით. გუგლის სანიშნეებში შევინახეთ აღნიშნული ვებგვერდები, რათა სამომავლოდ გაუმარტივდეთ მათი გამოყენება“.

ქალებთან კიდევ ჩატარდება მუშაობა, კურსის ბოლოს მათი ციფრული წიგნიერება  სერიოზულად გაიზრდება და არაერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებენ.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილული იყო დევნილთა დასახლებაში იდენტიფიცირებული პრობლემები. ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც დღესაც დღის წესრიგში რჩება, კორპუსის გადახურვის საკითხია.

საინიციატივო ჯგუფმა ამ საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოს მერიაში კვლავ ჩაატარა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქის მერი გენადი ბალანჩივაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჩხაიძე, დევნილთა სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს პრობლემის ადვოკატირებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე პრობლემების ანალიზის საფუძველზე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს. გეგმებში ყველა აქტივობა გაწერილია და განსაზღვრულია მოსალოდნელი რისკები. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სწორად გაწერილი ადვოკატირების გეგმა ხელს შეუწყობს პრობლემების ეფექტიან მოგვარებას.

ივლისში ჯგუფის მუშაობის სტრატეგიაში პრიორიტეტები შეიცვალა: ძლიერი წვიმის შედეგად  დევნილთა დასახლებაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რაც მათ სამოქმედო გეგმაში აისახა.

სიტუაციის შეფასების მიზნით შეგროვდა ინფორმაციები, ფოტო და ვიდეომასალები, კომუნიკაცია შედგა  პასუხისმგებელ პირებთან.

ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული, იგეგმება სამინისტროების ჩართვაც, რათა სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა პრიორიტეტული პრობლემების ადვოკატირების დინამიკა. ამ პრობლემებზე ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სწრაფი რეაგირებისთვის ჯგუფის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოამზადეს წერილი ქალაქის მერის და გენდერული საბჭოს სახელზე.

საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირება დაიწყო და  ადვოკატირების გეგმა ჩამოაყალიბა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში ახალი სამიზნე ჯგუფები ჩნდება. სხვადასხვა პროფესიის ქალები ინტერესით ეცნობიან ინფორმაციებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

ინფორმირება იდენტიფიცირების პროცესს უწყობს ხელს და  ივლისში სენაკის, ვანის, ხობის, ქობულეთის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში უკვე დაფიქსირდა ახალი ქეისები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ გაძლიერება, შესაბამის სერვისებს მიიღებენ.

მობილიზატორები აქტიურად მუშაობენ პრობლემათა ადვოკატირების კუთხითაც. თანამშრომლობენ იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ამ პროცესში მთავარი აქტორები არიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ბოლო კვლევის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასების“ - რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოციალურ მუშაობაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემის ხელშეწყობას.

ქობულეთის რესურს-ცენტრში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით,   საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა არაერთ საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს, რომლებიც ეხებოდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს, ძალადობის პრევენციას, მოზარდების და მათი ოჯახების ფსიქოსოციალურ და სხვა საჭიროებებს.

შეხვედრამ ცხადი გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია რესურს-ცენტრების მაკოორდინირებელი როლი რეფერირების ადგილობრივ სუბიექტებთან, განსაკუთრებით მერიის სამსახურებთან. დაისახა დიალოგის დროს გამოკვეთილი კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზები. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის და ვანის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ვანში ჩატარდა შეხვედრა საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციის და ქალაქის ბაღების მენეჯერების, აღმზრდელების, ფსიქოლოგების და მეთოდისტების ჩართულობით. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ახალ ანგარიშზე - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“. ძირითადი აქცენტი გაკეთდა დოკუმენტში ასახულ გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების და ბაღების გაერთიანების მუშაობას გააუმჯობესებს ძალადობის პრევენციის კუთხით.

წალენჯიხაში მერიის და საკრებულოს სამსახურების მონაწილეობით ჩატარდა კვლევის „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“ პრეზენტაცია.

ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების (მათ შორის - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის) მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და რეფერალური მექანიზმის ადგილობრივ სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი. 

კვლევაში ასახულია გამოწვევები და რეკომენდაციები როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი უწყებებისათვის, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად წარიმართოს პრევენციული საქმიანობა.

მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგები, რეკომენდაციები კი მეტად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის საბჭოს მომავალი მუშაობის დაგეგმვისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ძალადობას, ბულინგს, ოჯახის წევრების ურთიერთობებს, კონფლიქტებს ეხება. ყველა ეს თემა აქტუალურია, ამიტომაც იწვევს მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს ახალგაზრდა მსახიობების გამოჩენა ქუჩაში...

ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის პარკებში. სხვადასხვა ასაკის მაყურებელი დისკუსიაშიც ჩაერთო. უმეტესობა ერიდება საკუთარი თავის წარდგენას, ფოტოების გადაღებას. თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფორუმ-თეატრი საინტერესო ფორმაა საზოგადოებასთან პრობლემებზე საუბრისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში საკმაო რაოდენობის ლიდერები არიან. მათ აქვთ თანატოლებთან მუშაობის გამოცდილება და სწორედ მათგან ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შექმნა ახალგაზრდა ტრენერთა ქსელი.

ქსელის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელზეც განიხილეს ტრენინგის ჩატარების სტრუქტურა და ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

მონაწილეთა გამოცდილებას დაემატა ბევრი ნიუანსი, რადგან ისინი გაცნენ მნიშვნელოვან საკითხებს: მოდულის შექმნა, ტრენინგის მიზნების განსაზღვრა, აუდიტორიასთან კომუნიკაცია, ტრენინგის სპეციფიკა, პრეზენტაციის მომზადება, დარბაზის მოწყობა, დროის განაწილება, ტრენერების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვ.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გაიგეს ტრენინგის აგების ძირითადი პრინციპები, ისწავლეს აუდიტორიის მართვა და დროის სწორად განაწილება. მათ უკვე შეუძლიათ ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები