ვორკშოპი ქალების ჯგუფთან სენაკში

სენაკში, ქალების ჯგუფთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე – „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას ოჯახში ძალადობის არსის, მისი ფორმების, ასევე მსხვერპლთა მხარდასაჭერი სერვისებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ.

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლის ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალების ადრეულ იდენტიფიცირებას. ქალებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ და ეფექტიან რესურსებს. მათი შეფასებით, არსებული სერვისები ხშირად არასაკმარისია ძალადობის შემთხვევებზე დროული და შედეგიანი რეაგირებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების როლზე პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში. მონაწილეთა თქმით, ბავშვები ხშირად პირველები ასახავენ ოჯახურ კონფლიქტებს, თუმცა რეაგირება რთულდება მშობლების, განსაკუთრებით დედების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, რაც საბოლოოდ ძალადობის შემთხვევების დაფარვას უწყობს ხელს.

ვორკშოპის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ იდენტიფიცირების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ბევრი ქალი არ ფლობს ინფორმაციას არსებული დახმარებების შესახებ და პრობლემის მარტო გადაჭრას ცდილობს, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგებით სრულდება.

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები