ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ პარასპეციალისტები და სათემო ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომის გამოყენებაში და ძალადობის დინამიკის უფრო სიღრმისეული გააზრება.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ძალადობის სოციალური საფუძვლები, გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენა, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ციკლი და სპირალი, ასევე ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ ქეისებს, ჯგუფურ მუშაობას და ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება ქალის რეაქციებისა და ქცევის სწორად დანახვა ტრავმის კონტექსტში და როგორ უნდა შეიქმნას უსაფრთხო, არამსჯელობითი სივრცე მხარდაჭერის პროცესში.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობა იწყება გაგებით, სენსიტიური კომუნიკაციითა და იმ გამოცდილების დანახვით, რომელიც ქალის გადაწყვეტილებებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალების გამოცდილებები: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ამოცნობა და დაცვის გზები — ბროშურა აერთიანებს ქალთა გამოცდილებებზე დაფუძნებულ ისტორიებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიები კონტროლის, თვალთვალის, შანტაჟის, ფინანსური ზეწოლისა და პირად სივრცეში შეჭრის ინსტრუმენტად იქცეს.
ბროშურა მკითხველს ეხმარება ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის ადრეული ნიშნების ამოცნობაში, ხსნის, რატომ არ ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობაგამოვლილ ქალს და სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ციფრული უსაფრთხოების, მტკიცებულებების შენახვისა და დახმარების მიღების გზებზე. პუბლიკაცია მომზადდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, პროექტის „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის ამოცნობა და რეაგირება“ ფარგლებში, WAVE ქსელის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
სენაკში დაიწყო ერთთვიანი საბაზისო მანიკურის შემსწავლელი კურსი, რომელიც ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამაში 10 ქალი მონაწილეობს.
კურსს უძღვება ნესტანი დადიანი - სპეციალისტი, რომელსაც ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მონაწილეებს უკვე გადაეცათ საჭირო მასალები და ინვენტარი. ასევე, პირველი-ორი გაკვეთილი ჩატარდა.
პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები და დასაქმების ან თვითდასაქმების მიმართულებით იფიქრონ. ამასთან, კურსი მათთვის არის სივრცე, სადაც სწავლასთან ერთად იზრდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა.
მსგავსი ინიციატივები ქალებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნასა და უფრო სტაბილური მომავლის დაგეგმვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში გაიმართა ვორკშოპი თემაზე — „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრაში 10 ქალი მონაწილეობდა.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, მისი ამოცნობის გზებსა და იმ მხარდაჭერის სერვისებზე, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე სხვა ქალების მხარდაჭერაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალადობის იმ ფორმებს, რომლებიც ხშირად უხილავი და ნაკლებად შესამჩნევია.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები. მათი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები აძლიერებს ურთიერთმხარდაჭერის განცდას და ზრდის მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული ბროშურის - „ქალთა გამოცდილებები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე“ - საფუძველზე შეიქმნა ვიდეო, რომელიც აერთიანებს სამი ქალის ისტორიას.
ვიდეოში წარმოდგენილია ანას, ლიას და თეას გამოცდილებები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური აგრესიით და იმ რეალობით, როცა ქალი დახმარებას ითხოვს, თუმცა სისტემა ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.
ვიდეო მიზნად ისახავს ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობას, თემაზე ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული ახალი ბროშურა - „ქალთა გამოცდილებები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე“ - დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ისტორიებს აერთიანებს.
გამოცემა აჩვენებს, როგორ ვლინდება ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა ფორმით: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, ციფრული და ინსტიტუციური ბარიერების სახით და რატომ რჩება ეს გამოცდილებები ხშირად უხილავი და უთქმელი.
ბროშურა ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევებსა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ შეგროვებულ მონაცემებს. მასში წარმოდგენილი ისტორიები ადაპტირებულია ქალების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეცვლილი სახელებით და მიზნად ისახავს ძალადობის ამოცნობას, დუმილის დარღვევას და მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმირებულობის გაზრდას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დევნილთა თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერებისკენ მიმართული ერთწლიანი პროექტი წარმატებით დასრულდა. პროექტის მიზანი იყო თემებში არსებული საჭიროებების შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში სენაკის თვითდახმარების ჯგუფმა ორი ინიციატივა განახორციელა. ერთ-ერთი გულისხმობს იზოლირებული ეკოსკვერის შექმნას, გასართობი სათამაშოებით. ეს კომფორტული და უსაფრთხო სივრცეა დედებისა და ბავშვებისთვის.
ინიციატივის მონაწილეებმა პროექტის გავლენა ონლაინ-ანკეტით შეაფასეს. მათი მოსაზრებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა თემის წევრთა აქტიურობა და ჩართულობა, რაც პოზიტიურ შედეგად მიიჩნევა. ქალთა ჯგუფს სამომავლო გეგმები აქვს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები უნდა გაგრძელდეს.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ხონში შეხვედრაში თვითდახმარების ჯგუფის და მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის წევრები მონაწილეობდნენ.
ჯგუფის წევრებმა პროექტის საბოლოო შედეგები შეაჯამეს. აღნიშნეს ტრენინგების ციკლის მნიშვნელობა ცოდნის და უნარების შეძენაში. ისაუბრეს თემში განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივის სიკეთეებზე და მადლიერება გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მიმართ.
ქალები ამაყები და ბედნიერები არიან, რადგან ხედავენ თავიანთი შრომის შედეგს. თემში ამაღლდა მათ მიმართ ნდობა და პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, ბევრი ქალია მსურველი, აქტიურად ჩაერთოს თემის პრობლემების გამოვლენის და მოგვარების პროცესში.
ორივე ჯგუფის წევრების თქმით, საქმე ჯერაც ბევრია და იმედს იტოვებენ, რომ ფონდი „სოხუმი“ კვლავაც ითანამშრომლებს მათთან.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს ანონიმური ონლაინ კითხვარი, რომლის მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება უსაფრთხოების, კეთილდღეობის და აუცილებელ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ჩატარებული საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა ფოთის თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრა. შეფასდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები ქალთა გაძლიერების და თემში განხორციელებული ცვლილებების თვალსაზრისით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ინიციატივებს, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. აქტივობებმა არა მხოლოდ მოაგვარა თემის პრობლემები, არამედ სხვა ქალებსაც გაუჩინა ჩართულობის სურვილი.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დადებითი ემოციები. აღნიშნეს, რომ პროექტში მონაწილეობამ გაზარდა მათი თავდაჯერებულობა, გააძლიერა გუნდური მუშაობის უნარები და მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ პრობლემების მოგვარების პროცესში.
თემში ჯერ კიდევ მრავალი საკითხია გადასაჭრელი. სწორედ ამიტომ, ისინი იყენებენ სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმს, აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება მხარდაჭერისათვის. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილება მოხდება დევნილთა თემში.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრების ნაწილი ონლაინ გაიმართა. წალენჯიხის ჯგუფმა ონლაინ ისაუბრა მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა მხარდაჭერა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ იჩენს ქალების მიმართ. შეხვედრის ერთი ნაწილი სწავლებას მიეძღვნა - ტრენერმა ქრისტინე ქუთათელაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის თემაზე და უპასუხა შეკითხვებს.
სენაკში ყურადღება გამახვილდა ქალთა სოლიდარობის თემაზე, ძალადობის პრობლემაზე და განსაკუთრებით - ციფრულ ძალადობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდა ჩვენი გამოცემა „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა – ამოიცანი და დაიცავი თავი“.
ქობულეთის და დანარჩენი ჯგუფების მორიგი შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა. ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, ცვლილებებსა და სიახლეებზე. მუშაობაში ჩაერთო ფსიქოლოგი, რომელმაც ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა.
მოსწონთ ქალებს შეხვედრები, სადაც მსჯელობენ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე. ჯგუფის მუშაობამ ახალი ცოდნა და გამოცდილება შესძინა თითოეულ მათგანს. იმედი აქვთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მეტის გაკეთება შეუძლიათ.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
