საგანგებო მიმართვა                                                                              

7 აპრილს მედიასაშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1] გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ყველა მათგანი დაიღუპა.

ხელმომწერი ორგანიზაციები თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების არასათანადო დაცვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, ეხმიანებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და იქ არსებულ კრიზისულ სიტუაციას[3] და მოუწოდებენ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

Covid-19 ვირუსის პანდემიის შედეგად ენგურზე გამშვები პუნქტის გაუფრთხილებლად და განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვამ მოსახლეობა ყველა საბაზისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისზე წვდომას მოსწყვიტა. ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცა, რადგან მათ არ ჰქონდათ სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა აუცილებელი სერვისებით სარგებლობის საშუალება.[4] აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული იყო ქმედითი ზომები პენსიების მისაღებად, კერძოდ, ხიდთან გარკვეულ დროს მობილური ბანკის მანქანების მეშვეობით შესაძლებელი გახდა თანხის მიღება, ან გალის ტერიტორიაზე რუსული ბანკის ბანკომატებით შესაძლებელია სარგებლობა.

საბაზისო სერვისების მისაღებად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებამ ახალი ბარიერი შექმნა მოსახლეობის ცხოვრებაში. ბარიერების გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისგან თავის შეკავებამ ან/და ე.წ „საზღვრის“ გვერდის ავლით გადმოსვლამ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სხვა სახის უსაფრთხოებას. საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის და სოციალური დახმარებების მიღების მიზნით  გამშვები პუნქტის ავლით გამყოფი ზოლის უკონტროლო გადაკვეთას დღემდე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[5]

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

 

საქართველოს მთავრობას:

❖ გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისთვის;

- გადაიხედოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შესახებ და მოხდეს გამშვებ პუნქტებთან  PCR ტესტების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს  მოსახლეობის დროულ და  უსაფრთხო გადაადგილებას;

- მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. საზღვრისპირა რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებების დაკმაყოფილება;

❖ შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საბუთების მოწესრიგების და შეწყვეტილი სოციალური შემწეობების აღდგენის  გამარტივებული ელექტრონული მექანიზმები.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებს:

❖ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილების საკითხზე;

❖ გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელების და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად.

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს:

❖ დროულად გამოიძიოს მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საია

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

ფონდი „აფხაზინტერკონტი“

მეწარმე ქალთა ფონდი

ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“

„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“

პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“

ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ასოციაცია „საუნჯე“

საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი

 

[1] ინტერპრესნიუსი, „მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ისინი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გალიდან ცდილობდნენ“, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rXyp3p [ბოლო ნახვა 07.04.21]

[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31Wn8pD [ბოლო ნახვა 07.04.21].

[3] საია-ს განცხადება, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა“, 30.12.2019. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37ZcbGz [ბოლო ნახვა 07.04.21].

[4] ლაივპრესი, „სახლში, როგორც ციხეში - გალში ჩაკეტილები“, 2021. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3t1oXxe [ბოლო ნახვა 07.04.21].

[5] რეგინფო, „გალიდან ექიმთან ვიზიტისთვის გადმოსული ექთანი კოვიდსასტუმროში დაიღუპა“, 2021. ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3wA6gDb [ბოლო ნახვა 07.04.21].

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები