ფონდი „სოხუმი“ მშვიდობის გლობალურ კონფერენციაზე - "Peace Connect 2025"
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ 13-17 ოქტომბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში,მონაწილეობა მიიღო მშვიდობის გლობალურ კონფერენციაში Peace Connect, როგორც GPPAC-ის ქსელის სამხრეთ კავკასიის რეგიონის წარმომადგენელმა საქართველოდან.
კონფერენციამ გააერთიანა მსოფლიოს 90 ქვეყნის 500-ზე მეტი სამშვიდობო აქტორი და შექმნა მნიშვნელოვანი სივრცე თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის. მიუხედავად მონაწილეებს შორის გეოგრაფიული დაშორებებისა და განსხვავებული რეალობებისა, კონფერენციამ აჩვენა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ადამიანები მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. გამოცდილების გაზიარების შედეგად მიღებული ცოდნა კი ახალ ენერგიასა და ერთიან ხედვას აჩენს სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შესაქმნელად.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული თემები მრავალმხრივი იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის 25-წლიან გზასა და მომავალ ეტაპებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობაზე, სამშვიდობო საქმეში გამძლეობასა და სოლიდარობის გაძლიერებაზე, შეზღუდულ სამოქალაქო გარემოში ადგილობრივი ინიციატივების შენარჩუნებასა და მშვიდობის შენების მომავალ ხედვებზე.
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნების როლის გააზრებას მშვიდობის გზავნილების გავრცელებაში - მუსიკის, პოეზიისა და ვიზუალური ხელოვნების გავლენას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ემპათიის გაძლიერების საქმეში.
ეკატერინემ აღნიშნა: „ამ სივრცეში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. უდიდესი შთაგონებაა იმის დანახვა, თუ როგორი გამბედაობით, საქმისადმი ერთგულებით მუშაობენ სამშვიდობო საქმიანობაში ჩართული ადამიანები წინააღმდეგობებით სავსე რეალობაში. მათი გამოცდილების მოსმენა გაძლიერებს, გმატებს მოტივაციას და პასუხისმგებლობის განცდას. იაზრებ, რომ მარტო არ ხარ, რომ შენი ყოველდღიური ძალისხმევა საერთო მისიის ნაწილია. სოლიდარობა, ემპათია, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისგან სწავლა აჩენს ახალ ხედვას და რწმენას, რომ გზის გაგრძელება შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა გარემო პირობები განსაკუთრებულად რთულია. Peace Connect-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას სამართლიანი, მშვიდობიანი და თანასწორი მსოფლიოს შესაქმნელად."
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15967-peace-connect-2025#sigProIde14ef37c2a
