სამტრედიის, წალენჯიხის, ზუგდიდის და ვანის მუნიციპალიტეტებში ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  და სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრების მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი. ადგილობრივი თვითმმართველობები მზად არიან, აქტიურად  ჩაერთონ ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხებში.

შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.

სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.

ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.

სტუმრები - ლანჩხუთის და ცაგერის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

მასპინძლები - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და ახალგაზრდული ცენტრის წევრები, პედაგოგები.

და უჩვეულო ფორმატი - დებატები.

სტუმრებმა წარმოადგინეს წარმატებული მუშაობის პრეზენტაცია - ეთიკის კოდექსის შემუშავების და სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით.

ხონის სამუშაო ჯგუფმა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მცირე პროექტებში მუშაობის შედეგები, მონაწილეობა საჭიროებათა შეფასებაში.

ხონის მერმა სამუშაო ჯგუფის მიღწევებს გაუსვა ხაზი - მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის, განახლებული ვებგვერდის და ელექტრონული პეტიციის ეფექტიანობაზე ისაუბრა. ყველაფერი, რაც გაკეთდა და რაც კიდევ არის დაგეგმილი, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის წარმატებულ რეფორმას.

ბაღდათში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „თანასწორობა ახლას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის ანალიზის დროს დაიდება. კვლევა ქალთა საჭიროებებს ეხებოდა და მისი რეკომენდაციები უნდა აისახოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში.

პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობა“ ხელმძღვანელმა გააკეთა ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან.

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავა. კონკრეტული პრობლემა  კვლევის შედეგად გამოვლინდა. უკვე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია, გაიწერა კონკრეტული აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები პროექტის შექმნაზე მუშაობენ. მონაწილეებმა უკვე იციან, როგორ ააგონ პროექტი. იმუშავეს პროექტის სახელწოდებაზე, დაამუშავეს სლოგანი, იმსჯელეს მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე. 

ქვეგრანტების კონკურსზე წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები ორ-ორ პროექტს წარადგენენ, თითოეულ პროექტში კონკურსით გამოცხადებული მიმართულებები გაჟღერდება.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი სენაკში ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემათა პრიორიტეტულობაზე და საბოლოოდ აქტუალურ პრობლემაზე შეჩერდნენ. პრობლემის შინაარსიდან გამომდინარე, ჯგუფის წევრები პრობლემის ადვოკატირებას შეეცდებიან როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.

სამუშაო პროცესშია ჩართული სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც, მონაწილეები საგრანტო პროექტზე მუშაობენ. პროექტების სამუშაო ვერსიებში თითოეული პუნქტი ერთობლივად განიხილეს და დეტალები დააზუსტეს. სამუშაო პროცესი პროექტის წარდგენამდე გაგრძელდება. 

ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.

პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...

კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის სხვადასხვა ასაკის  ქალებთან „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი - ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის“ გასაცნობად  მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

მონაწილეები გაეცნენ „ონლაინ ხმის მრიცხველის“ მნიშვნელობას, კითხვარის შევსების ინსტრუქციას. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარემოს დაცვის, სასურსათო უსაფრთხოების და საბიუჯეტო პროცესებში ქალთა მონაწილეობის საკითხებით.

ამომრჩევლები ინტერესით ელოდებიან ონლაინ ხმის მრიცხველის პლატფორმაზე ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს.

  • ორშაბათი, 28 ივნისი 2021

აქტიურად მუშაობდა ივნისში ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო სამსახური. ადამიანები მიმართავდნენ ფსიქოლოგსაც და იურისტსაც.

ონლაინ შეხვედრები გაიმართა ცალკეულ  ბენეფიციარებთან და ასევე - ჯგუფური შეხვედრები  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფსიქოლოგი შეხვდა ორ ოჯახურ წყვილს და ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებს. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია უგრძელდებათ მოზარდებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.      

იურისტმა 4 ონლაინ კონსულტაცია ჩაატარა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი სამ ჯგუფს შეხვდა.

ეს ციფრებია, ციფრებს მიღმა კი კმაყოფილი ადამიანები არიან, რომლებიც აგვარებენ, ან უკვე მოაგვარეს თავიანთი პრობლემები.

  • ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021

„ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ოჯახის წევრების მისამართით აგრესიის გამოხატვა ძალადობის ფორმაა. ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებას დიდი დანიშნულება აქვს.“

„ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლი კი არა, მოძალადეც ვიყოთ.“

„ძალიან ხშირად, როცა შეხვედრაზე ვისმენ ძალადობის ისტორიებს, ვხედავ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთო ძალადობის წინააღმდეგ.  ამ საკითხზე დისკუსიები მოქალაქეებს უფრო ინფორმირებულს ხდის.“

ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება და განიხილება ძალადობის  იდენტიფიკაციისა და პრობლემაზე რეაგირების საკითხები.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები