ქუთაისსა და წყალტუბოში ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ნაჩვენები იყო 9 სცენა. მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მიგრაციის თემაზე შექმნილი წარმოდგენა, რომელმაც აქტიური დისკუსია გამოიწვია. ასევე მნიშვნელოვანი იყო დედა-შვილის სცენის განხილვა, სადაც აქცენტირება გაკეთდა დედაზე, რომელიც ემსხვერპლა შვილს.
- ეს წარმოდგენები უნდა ანახოთ როგორც მოზარდებს, ახალგაზრდებს, ასევე უფროს თაობას. ადამიანები თავიანთ პრობლემებს დაინახავენ და იფიქრებენ, როგორ მოაგვარონ, როგორ იპოვონ გამოსავალი. ეს კი საფუძველს ჩაუყრის არაძალადობრივი საზოგადოების შექმნას, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაყურებელმა.
სწორედ ეს არის ფორუმ-თეატრის მისია.
ფოთის 1-ლ და მე-3 საჯარო ბაღებში ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გაიმართა. „თალგამი“ - ეს სპექტაკლი ძალიან სახალისო იყო ბავშვებისთვის. მათ მოეწონათ გმირები, სიმღერები. რამდენიმე ბავშვი ეკრანსაც კი მიუახლოვდა და იქიდან ეხმარებოდა გმირებს თალგამის ამოღებაში.
საინტერესო იყო რეჟისორის გამოსვლა და შემდგომი დისკუსიები, სადაც აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები. მათი აზრით, ეს ბავშვებთან მუშაობის კარგი ფორმაა და მადლობა გადაუხადეს სტუმრებს.
ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა მაისში.
ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში აჩვენეს 5 სცენა. მაყურებლებისთვის უჩვეულო იყო ასეთი ფორმით გამხელილი პრობლემები - დედა-შვილის ურთიერთობა, კონფლიქტები ოჯახში, მიგრაცია, ძალადობა...
სოფელ ზედა სიმონეთშიც (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) პირველად იყვნენ ახალგაზრდა მსახიობები. დისკუსიაში აქაც ინტერესით ჩაერთნენ მაყურებლები - მოსწავლეები და პედაგოგები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბიჭები.
გურიაშიც და იმერეთშიც თვალსაჩინო იყო, თუ რამდენად იმოქმედა თეატრალურმა სცენებმა მაყურებელზე და დააფიქრა ისინი.
ქუთაისის მე-10 საბავშვო ბაღში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენა ორ ჯგუფთან. დასაწყისში რეჟისორმა მოკლედ უამბო ბავშვებს მუშაობის პროცესზე და თანასწორობაზეც ისაუბრა, რაზეც ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენა.
შემდეგ პატარებმა ნახეს სპექტაკლი „თალგამი“. მათ ძალიან იხალისეს. წარმოდგენის შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. პედაგოგებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებს, რადგანაც ბავშვებისთვის პირველად გაიმართა უფასო წარმოდგენა.
სოფელ სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ფორუმ-თეატრი პირველად ჩავიდა. ამიტომ თავიდან იყო წამყვანმა - ჯოკერმა აუდიტორიას გააცნო ფონდი „სოხუმის“ მუშაობა, ფორუმ-თეატრის სპეციფიკა. შემდეგ გათამაშდა 5 წარმოდგენა. დიდი ინტერესი გამოიწვია დედა-შვილის სცენამ. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სცენებში და ცდილობდა, შეეცვალა ძალადობის ვექტორი. დისკუსიის საგანი გახდა მიგრაციის თემაზე შექმნილი წარმოდგენა.
დისკუსიები და ძალადობის მაგალითები - ყველაფერი ეს შთამბეჭდავი იყო მაყურებლისთვის.
ჩრდილების თეატრი პირველად ესტუმრა სოფელ ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლას. მაყურებლები პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები იყვნენ. მათთვის ნაჩვენები იყო ზღაპარი „თალგამი“. ბავშვებს მსგავსი წარმოდგენა არ ჰქონდათ ნანახი და ძალიან მოეწონათ.
პედაგოგები კითხვებს უსვამდნენ, ისინი კი ხალისით პასუხობდნენ. კარგად გამოჩნდა, რომ ჩრდილების თეატრი ნამდვილი თერაპიაა ბავშვებისთვის და კიდევ - ასწავლის, რომ ყველა თანაბარია და ყველა უნდა დაეხმაროს ერთმანეთს.
ფორუმ-თეატრის პირველი ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებულია. ასე იყო იანვრის ორივე შეხვედრის დროს - ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ანასეულის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
წარმოდგენებმა (ოჯახური ძალადობის სცენა, ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის) მოსწავლეებსა და მასწავლებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებით ემოციური იყო სცენა - დედის დაბრუნება ათწლიანი ემიგრაციიდან და პრობლემა, შვილებმა რომ არ მიიღეს. განსაკუთრებით განიცადეს მათ, ვისი ახლობლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ.
შეხვედრებზე ყველაფერი იყო: გაოცება, ინტერესი, დისკუსია, აქტიური ჩართულობა, ტაში... ხაჯალიას სკოლის დირექტორმა სურვილი გამოხატა, წარმოდგენები სოფლის კლუბში ჩატარდეს. ეს ფორუმ-თეატრის აქტუალური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მუშაობით დაინტერესდა საინფორმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“. ჟურნალისტები ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად სოფელ ხაჯალიაში გაემგზავრნენ, წარმოდგენები გადაიღეს, ინტერვიუები ჩაწერეს...
ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ესწრებოდნენ მოსწავლეები და პედაგოგები. გამოსვლები გაიმართა ხონსა და წყალტუბოში. განსაკუთრებით საინტერესო იყო სამი ახალი სცენა: ემიგრაციიდან დაბრუნებული დედა, რომელიც შვილებს არ უნდათ. მამა, რომელიც საყვარლის გულისთვის სახლს ჩადებს ბანკში. ოჯახი, რომლის ერთადერთი შვილი ნარკომანია. ამ სცენებმა და მათში განვითარებულმა კონფლიქტებმა ააღელვა მაყურებლები. მათ საკუთარი ისტორიებიც გაუზიარეს სხვებს და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრი ნოემბერში ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და პატარები გაახარა.
თეატრის წარმოდგენა „თალგამი“ ჩატარდა ორ სოფლის - კუხის და ნახახულევის საბავშვო ბაღებში. პედაგოგებმა კმაყოფილება გამოხატეს, რადგანაც არ არიან განებივრებულები უფასო საბავშვო სპექტაკლებით.
ბავშვები კიდევ უფრო კმაყოფილები იყვნენ. კუხში 34 მაყურებელი იყო, დარბაზში კი სამარისებური სიჩუმე იდგა. პატარები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს - მსგავსი რამ იშვიათია, რადგან ბავშვების რაოდენობა ყოველთვის იწვევს ხმაურს.
ამ წარმოდგენებით ბავშვებმა გაიგეს, რომ ყველა თანასწორია და პრობლემა ერთად, მეგობრულად უნდა მოაგვარონ. სწორედ ეს არის სპექტაკლის მიზანი.
განმუხურსა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ოზურგეთში პირველად ჩატარდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება, ამიტომ მაყურებლის პირველი ემოცია იყო გაკვირვება.
წარმოდგენებს ესწრებოდნენ სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები. ნაჩვენები იყო ოჯახური ძალადობის და დედა-შვილის ურთიერთობის სცენები.
მაყურებელმა კარგად მიიღო გამოხატვის ეს ფორმა, იყო აქტიური ჩართულობა სცენებში, გამოსავლის ძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ორივეგან გაიმართა დისკუსიები და გაჩნდა სურვილი, კიდევ უმასპინძლონ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებს.