„ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ოჯახის წევრების მისამართით აგრესიის გამოხატვა ძალადობის ფორმაა. ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებას დიდი დანიშნულება აქვს.“

„ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლი კი არა, მოძალადეც ვიყოთ.“

„ძალიან ხშირად, როცა შეხვედრაზე ვისმენ ძალადობის ისტორიებს, ვხედავ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთო ძალადობის წინააღმდეგ.  ამ საკითხზე დისკუსიები მოქალაქეებს უფრო ინფორმირებულს ხდის.“

ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება და განიხილება ძალადობის  იდენტიფიკაციისა და პრობლემაზე რეაგირების საკითხები.

ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.

პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სენაკში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ  ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციაზე, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე. აქცენტი გაკეთდა  ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.

ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მისია ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია და დაცვაა. ამიტომაც ფონდი „სოხუმი“ მუდმივად ეძებს  თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს, რომლებთანც ერთად პრობლემების მოგვარებაში შეუწყობს ხელს ცენტრის ბენეფიციარებს.

ამ მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ფონდ „სოხუმსა“ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის.

მემორანდუმის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური და სამართლებრივ დახმარებას, პროფესიული კურსების მიწოდებას, სოციალური მუშაკის და სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებას ქალაქ ქუთაისში.

სააგენტო მსხვერპლს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის: ფსიქოლოგიურ-სოციალურ და სამართლებრივ დახმარებას, დროებით სადღეღამისო საცხოვრისს თავშესაფარში, კრიზისული ცენტრით და საკონსულტაციო ცხელი ხაზით (116 006) მომსახურებას რვა ენაზე.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვაში.

 

2020-2021 წლებში წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე გაუფრთხილებლემა და დაუსაბუთებელმა უარმა მათ და მათ ოჯახებს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა - ასე იწყება ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევა. მოკვლევაში ნაჩვენებია ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად.

 

გადმოწერა 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

27-29 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერულად ორიენტირებული ადგილობრივი სოციალური პოლიტიკა“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური).

ტრენინგზე განხილული იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან, გენდერულ პოლიტიკასა და ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო - სამოდელო სამოქმედო გეგმებზე მუშაობა და მათი პრეზენტაცია.

ტრენინგის მესამე დღეს ზუგდიდის, ჩოხატაურის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა, გამოცდილება, ინოვაციური პროგრამები სოციალური, ჯანდაცვის,  ასევე - ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

აქტიურად მუშაობდა ივნისში ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო სამსახური. ადამიანები მიმართავდნენ ფსიქოლოგსაც და იურისტსაც.

ონლაინ შეხვედრები გაიმართა ცალკეულ  ბენეფიციარებთან და ასევე - ჯგუფური შეხვედრები  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფსიქოლოგი შეხვდა ორ ოჯახურ წყვილს და ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებს. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია უგრძელდებათ მოზარდებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.      

იურისტმა 4 ონლაინ კონსულტაცია ჩაატარა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი სამ ჯგუფს შეხვდა.

ეს ციფრებია, ციფრებს მიღმა კი კმაყოფილი ადამიანები არიან, რომლებიც აგვარებენ, ან უკვე მოაგვარეს თავიანთი პრობლემები.

ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად  კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.

რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.

 

შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.

სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.

ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.

დღის სარეაბილიტაციო ცენტრმა აქტიური მუშაობა განაახლა. მაისის ბოლოს შეიკრიბა ახალი ჯგუფები - ქალთა ერთი ნაწილი შეისწავლის მუშაობას პოლიმერულ თიხაზე, მეორე ნაწილი კი გაივლის საბუღალტრო აღრიცხვის კურსებს.

დღის ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა მისი ეფექტიანობა, შრომითი თერაპიის მნიშვნელობა ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის. ეს ზრდის დასაქმების პერსპექტივას. ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს აქვთ ფსიქოლოგისა და იურისტის  კონსულტაციის მიღების და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები