ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის ანგარიშს - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“.  ანგარიშში შეფასებულია მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტიანობა და ასახულია მათ წინაშე არსებული გამოწვევები, რაც აფერხებს აღნიშნულ განყოფილებების მიერ მოწყვლადი და კრიზისული ოჯახებისთვის ქმედითი და მათ საჭიროებაზე მორგებული დახმარების და მომსახურების გაწევას.  დოკუმენტში ასევე ასახულია გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის განყოფილებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და საქმიანობის გაუმჯობესებას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქობულეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ჩატარდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების და მონიტორინგის ჯგუფის და ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული  სოციალური გარემოსთვის“.

მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის  მონიტორინგის შედეგებს.   საუბარი შეეხო ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის დაცვის და მხარდაჭერის  განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. შედგა დიალოგი საკითხების გარშემო, რომლებიც ეხება სერვისებს და არსებულ გამოწვევებს. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე სოციალურად ორიენტირებული  ადგილობრივი ღონისძიებებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეირჩა ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება  გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში. მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ (ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში) და სტეფანი ფატერ-ორელმა (WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი).

„ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“ - ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

შეხვედრას მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს. ასევე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე. დაფიქსირდა რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდის ამ კუთხით მუშაობის ეფექტს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.

შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.

როგორი იყო ოქტომბერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობენ?

ვთხოვეთ მათ, მოკლედ ესაუბრათ თავიანთ მუშაობაზე.

მარინა სტეპანენკო: „ოქტომბერში გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფსიქოლოგიურ დახმარებას მიმართა. ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ოჯახიდან განშორების სტრესი, მარტოობა, დაბნეულობა, დაუცველობის განცდა. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის პოვნა და მიღება. ასევე, გაუგო საკუთარ თავს და დაეხმარო“.

მანანა გოცირიძე: „ოქტომბერში შედგა პირველადი შეხვედრები ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებთან. ყველამ აღნიშნა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მათი ტკივილი და ტრაგედია, იცის თანაგრძნობა და მადლიერები არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.

ანა შალიმოვა: „ყოველთვიურად ვეცნობი უკრაინიდან ჩამოსულ ახალ ოჯახებს. ბევრი ჩამოდის ჩემი მშობლიური ხერსონიდან. ხშირად, სამსახურისკენ რომ მივდივარ, ვხვდები უკრაინულ ოჯახებს, რომელთ შვილები სკოლაში მიჰყავთ. ვესალმებით და ვუღიმით ერთმანეთს. უკვე 30-ზე მეტი უკრაინულ ოჯახს ვიცნობ ჩვენი ულამაზესი უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან. ასევე ვაგრძელებ საკონსულტაციო მუშაობას და ჩემს მომსახურებას ვთავაზობ ბავშვებს და მოზარდებს. მე ვეხმარები შფოთვის შემცირების კუთხით, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, ფობიებისა და პანიკისგან თავის დაღწევში. ჩემი მუშაობა გულისხმობს ჩემი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებას და ამიტომ ვცდილობ, ყურადღება მივაქციო ჩემს განათლებას და სწავლებას“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მას უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობაც იღებდა სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. კომისიის სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული სამთავრობო სამოქმედო გეგმების აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

ერთი ქალი სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას დადებითი ემოციებით აივსო, გააცნობიერა თავისი ადგილი ცხოვრებაში, იგრძნო სიმშვიდე და თავისუფლება. ახლა ის მზად არის, იბრძოლოს უკეთესი ცხოვრებისთვის. მეორე ამბობს, რომ მიიღო საჭირო ცოდნა. მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასება და, რაც მთავარია, იცის, რომ უნდა ისწავლოს, რათა თავისი ქალიშვილისთვის ღირსეული დედა იყოს...

ეს ყველაფერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მათი ყოფნის დამსახურებაა. ოქტომბერში ცენტრში იმყოფებოდა სამი ქალი პატარა ბავშვებთან ერთად - ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომელთაც განიცადეს სტრესი და ტრავმა.

მათ ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ - პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

მუშაობის შედეგები მათ კომენტარებში ჩანს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის, ქობულეთის, წალენჯიხისა და ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (აქ - ონლაინ) გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრები, მათში მონაწილეობა მიიღო 35 ბენეფიციარმა.

ერთი თვის განმავლობაში ფსიქოლოგი ქუთაისის ოფისში ატარებდა ფსიქოთერაპიულ სამუშაოს და ონლაინ ინდივიდუალურ კონსულტაციებს რეგიონებში.

პარასკევობით ფსიქოლოგი ატარებდა ჯგუფურ შეხვედრებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებთან - ქალებთან, რომლებიც გადიან პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსს. მათთან ტარდებოდა სესიები შიშების, სტრესის, ტრავმების დაძლევისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის.

დღის ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თქვა: „ჩემთვის განსაკუთრებულია ყველაფერი, რაც მოხდა ამ თვეში - სავსე ვარ საკუთარი თავის და სხვების სიყვარულით, ამიტომაც ვახერხებ ლამაზი ნაკეთობების შექმნას“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალები უკრაინიდან - მარტიდან ასეთი ახალი ბლოგი გაჩნდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე.

მთავარი გმირები ქალები არიან - ხერსონიდან, ჩუგუევიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერდიანსკიდან, ვინიცადან...

ეს არის სევდიანი და იმედიანი ისტორიები.

რამდენიმე ფრაზა სხვადასხვა ჩანახატიდან:

„ბავშვობაში მახსოვს, ბებიები და ბაბუები სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - ოღონდ მშვიდობა იყოს და სხვა არაფერი გვინდაო. ჩვენ მშვიდობა გვქონდა და გვეცინებოდა მათ ნათქვამზე. მათ ომი ჰქონდათ გამოვლილი და იცოდნენ მშვიდობის ფასი. ახლა განსაკუთრებით კარგად ვხვდები ამ სიტყვების აზრს“, - კატერინა მირნაია.

„დედას ოჯახური მეურნეობა აქვს: ქათმები, კვერცხი, ბოსტნეული. სამ ბოსტანში დაუთესია კარტოფილი... ჩვენ გველოდება და უნდა დაგვახვედროს“, - ალინა დზიუბინსკაია.

„ორი დედა მყავს ხერსონში - ჩემი და ჩემი ქმრის, ყველაფერი იქაა - სახლი, ბინა, მეგობრები, ახლობლები, მენატრება და შიში მაქვს მათი დაკარგვის. სულ იმას ვნატრობ, მალე წავიდე ჩემს ქვეყანაში“, - ტატიანა ხოდაკოვსკაია.

https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/

ბლოგში უკვე 15 ქალის ამბავია მოთხრობილი. ამბები, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და განსხავდება კიდეც...

ისეთი ბლოგია, აუცილებლად რომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა. იმიტომ რომ შეიგრძნოს ომის სისასტიკე და ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისთვის...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები