ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტმა ოქტომბერში 5 შეხვედრა ჩაატარა: ქობულეთში ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა, ტყიბულში მცხოვრებ ბენეფიციარებთან - ონლაინ  შეხვედრა, ხოლო ბაღდათში, ფახულანსა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და სამტრედიაში - ჯგუფური შეხვედრები ახალფაზრდულ ცენტრში, საბავშვო ბაღში და  ამბულატორიაში.

ჯგუფურ შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლების თანამშრომლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, უფროსკლასელები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ პრეზენტაცია, ძალადობის მსხვერპლ ქალს კი YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონი გადაეცა.

გარკვეული მუშაობა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ერთად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის მუნიციპალიტეტი ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ფორმირების ეტაპზეა. ამიტომ სამტრედიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სენაკის, ლანჩხუთის, ხონის, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ბავშვთა განყოფილებების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ ზაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია პაპავა, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.

შეხვედრაზე საუკეთესო გარემო შეიქმნა იმისთვის, რომ სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ კონკრეტული ქეისების განხილვის საფუძველზე. მათ განყოფილების აქტიური მუშაობისათვის მნიშვნელოვან სპეციფიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„სარეაბილიტაციო ცენტრში ჩამოსვლამდე ძალიან განვიცდიდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, როგორ დავტოვებდი ყოველდღიურ პრობლემებს, მეორეც - როგორ მიმიღებდნენ აქ. 48 წლის განმავლობაში არასოდეს არ ვყოფილვარ ოჯახს გარეთ გასული. ერთი სიტყვით. ძალიან დაკომპლექსებული მოვდიოდი.

პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი თბილი გარემო.

მერე ფსიქოლოგს შევხვდი. საოცარი ყურადღება გამოიჩინა და მე თვითონ მიკვირს, იმდენი რამე ვუამბე  ჩემზე.

კარგი მეხსიერება მაქვს, ყველაფერი მახსოვს. მამა რომ დათვრებოდა, ხშირად ეჩხუბებოდა დედას. ამიტომ არ მიყვარდა. ნაადრევად დაბრძენებულ ქალს ვგავდი 5-6 წლის ბავშვი. ბევრი რამ მაკლდა. ყველაფერს შენთვის ვაკეთებო, დედა რომ მეტყოდა,  თავს ვიდანაშაულებდი, რატომ გავჩნდი-მეთქი...

ახლაც უამრავი პრობლემა მაქვს. მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრში ყველაფერი დამავიწყდა. ახალი ნაცნობები, საერთო პრობლემები და იმის განცდა, რომ მარტო არ ხარ. ამიტომ იმედით და ენერგიით ივსები. როგორ გვჭირდება ასეთი ურთიერთობები, თანაგრძნობა, ერთმანეთის მოსმენა. ჩემი პატარა ბიჭუნაც ბედნიერია, მოსწონს აქაურობა...

ახლა ვხვდები, როგორ უნდა მეცხოვრა. როგორც დედას, როგორც ქალს. გამოვდივარ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ვიყავი. მადლობა ამისთვის ყველას, ვინც დამეხმარა“...

ეს არის მოკლე მონაკვეთი წერილიდან, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს მანანა გოცირიძეს დაუტოვა ერთ-ერთმა ქალმა, რომელმაც ჩვენს ცენტრში სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

ერთ-ერთი უკრაინელი ქალი ონკოლოგიაში მკურნალობას გადის და ჩვენ აქტიურად ვეხმარებით, სამედიცინო პროცედურებს ვუფინანსებთ. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც მას გვერდში უდგას ამ რთულ პერიოდში. ანალიზების შემდეგ კარგი ამბები გავიგეთ - მე-4 სტადია არ დადასტურდა და ის განაგრძობს ბრძოლას…

ჩვენს ბაზაში უკრაინიდან 337 ლტოლვილია. ოქტომბერში ბაზაში დავამატეთ 16 ადამიანი. დახმარება გავუწიეთ 31 ოჯახს და 2 ქალს. სამ ოჯახს ვუგრძელებთ საცხოვრებლის თანხის გადახდას, ამ კატეგორიას დაემატა კიდევ 9 ოჯახი.

ვაგრძელებთ სამუშაო ადგილების ძებნასაც. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი  სამკერვალო ფაბრიკაში მოვაწყვეთ. ამ მომენტში არის მცხობელის ვაკანსია მამაკაცისთვის.

ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაციები. ისინი მონაწილეობენ ქართველი და უკრაინელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ფსიქო-სარეაბილატაციო სეანსებში. ასევე ვთავაზობთ იურისტის კონსულტაციებს. ჩვენ მოგვმართა მარტოხელა დედამ, რომელსაც ჩამოსვლისთანავე, ვითომ საცხოვრებლის ყიდვისთვის გამოართვეს 1500 დოლარი და მიიმალნენ - სამწუხაროდ, თაღლითების კვალს ვერ მიაგნეს.  მას დღემდე ეხმარება იურისტი, რომელმაც ჩვენთან მოიყვანა. ჩვენგან მიიღო სურსათის პაკეტი და ასევე ვეხმარებით ბინის თანხის გადახდაში.

ფორუმ-თეატრმა ოქტომბერში გეგმით გათვალისწინებული ორი შეხვედრა ჩაატარა მაყურებელთან - ბავშვთა სოფელში და ქუთაისის პარკში. ბავშვთა სოფელში საინტერესო წარმოდგენებს აქტიური დისკუსია მოჰყვა და, რაც მთავარია, მოზარდების ჩართულობა.

პარკში გამართულმა წარმოდგენამ კი გააკვირვა გამვლელები. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათხოვრის სცენა.

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ძალადობის პრევენციაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების,   ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურსცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა პროექტის ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.

დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმინოთ ყველას!“

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზაზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

ვანის, თერჯოლის, წალენჯიხის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე ის გამოწვევები გამოიკვეთა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და სერვისების გამოყენების კუთხით. შეხვედრებმა აჩვენა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხელს შეუწყობს რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობას.   

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ძალადობის ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინეს - ამ ქეისებზე რეაგირება გაგრძელდება სხვადასხვა სერვისის გამოყენებით.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოფელ როხში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) ადვოკატირების ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და უფროსკლასელები, უწყებათაშორისი კომისიის წევრები, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დაფუძნების, სტრუქტურის და უფლება-მოვალეობების შესახებ. შეკრებილებს ასევე გააცნეს  ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების სტრუქტურა და მისი მუშაობის მონიტორინგის შედეგები. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ  უკვე იციან, რა დროს უნდა მიმართონ ამ განყოფილებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, რეფერირების მექანიზმები და სუბიექტები, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფლებამოსილება ამ პროცესში - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ საინფორმაციო შეხვედრებზე.

მთავარი ფოკუსი გაკეთდა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ბავშვთა განყოფილებების მუშაობაზე. დაფიქსირდა, რომ ახალი განყოფილების მუშაობაზე  ინფორმაცია არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. აღინიშნა, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღების, სკოლების პედაგოგების თანამშრომლობა ამ განყოფილებასთან, რაც  ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას და  ეფექტიან რეაგირებას.

შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, ბაღდათის, ზუგდიდის და ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების  ახალი ჯგუფების ფორმირება.

ზუგდიდში, თერჯოლაში, ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში ჩატარდა ტრენინგები   კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემაზე (ამ შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი გაიმართა ონლაინ ფორმატში).

ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში. მათთვის არაფორმალური განათლების ეს სახე საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი აქედანვე მზად არიან, ინიციატივები გამოიჩინონ და მორიგ შეხვედრამდე სხვადასხვა აქტივობა ჩაატარონ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები