ჩვენი წარმომადგენლობა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მას უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობაც იღებდა სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. კომისიის სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული სამთავრობო სამოქმედო გეგმების აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.